საარჩევნო ბლოკ ”სახელმწიფო ხალხისთვის” წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მათ ლიდერ პაატა ბურჭულაძეს ატყუებს.
როგორც მეგრელიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რასაც გამოქვეყნებულ ჩანაწერში გვარამია მასთან დაკავშირებით საუბრობს, ტყუილია.
”ეს საკითხი უნდა დაიყოს სამ ნაწილად: პირველი - ამ ქვეყანაში ჩვეულებრივად გრძელდება მოსმენები. თუ სუს-ი უარყოფს, რომ ეს პირადი ჩანაწერი მისი გაკეთებული არ არის, მაშინ არიან ჩვეულებრივი, უუნარო „ტიპები“, რომლებიც ვერ ახერხებენ რაიმე გამოიძიონ ამ ქვეყანაში. მეორე მეორე ნაწილი არის, თუ როგორ ატყუებს ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი ტელევიზიის დირექტორი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელს და როგორ დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდის მას. მესამე, თქვენი მაყურებლისთვის გასაგები რომ იყოს სინამდვილეში ჩემს რომელ განცხადებაზეა საუბარი, გეტყვით, რომ ეს განცხადება გავაკეთე, როდესაც ”ტაბულას” ჟურნალისტი მირეკავდა და ურეკავდა ჩვენი პარტიის წევრებსაც. ჩვენ ყველამ ვთქვით ერთი და იგივე, რომ ჩვენ გვაინტერესებს, რომელი პარტია დაუჭერს მხარს იმას, რასაც ვუჭერთ ჩვენ”, - განაცხადა მეგრელიშვილმა.
ინტერნეტში დღეს გავრცელდა ჩანაწერი, რომელიც არაოფიციალური ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარს ასახავს. ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული პირები პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობენ, მათ შორის ნიკა გვარამია პაატა ბურჭულაძეს ”გირჩის” იმ წევრების პოზიციის გამო საყვედურობს, რომელიც ”ქართულ ოცნებასთან” კოალიაციაში ყოფნის სურვილს ეხება. ფიგურირებს ვახტანგ მეგრელიშვილის გვარიც. თავის მხრივ, ბურჭულაძე გვარამიას პასუხობს, რომ „მსგავსი რამ არ ხდება“.
ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი არ უარყოფს, რომ პაატა ბურჭულაძესთან მსგავსი საუბარი შედგა.