სკანდალური თავად გავრცელებულ საუბარში არაფერია, სკანდალური არის ის, რომ სუს-ი ოპოზიციური პარტიების ლიდერების და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მოსმენას აგრძელებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პაატა ბურჭულაძის მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრმა დავით ჯანდიერმა განუცხადა.
ჯანდიერის თქმით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორსა და პაატა ბურჭულაძეს შორის საუბარი ნამდვილად შედგა, თუმცა გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ამ საუბრის ერთი მონაკვეთი ამოჭრილია.
„ეს საუბარი ნამდვილად შედგა. საინტერესოა ის, რომ ამ საუბრიდან ამოღებულია მხოლოდ ის მონაკვეთი, სადაც პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ ის არც „ოცნების“ მეხოტბეა და არც „ნაციონალური მოძრაობის“. სკანდალური თავად ამ საუბარში არაფერია. ნიკა გვარამიამ მანამდე დაწერა, რომ აპირებდა ამ საკითხის გარკვევას პარტიის ლიდერებთან. სკანდალური არის ის, რომ სუს-ი ოპოზიციური პარტიების ლიდერების, დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მოსმენას აგრძელებს. ეს არის ის ხელუსუფლება, რომელიც გვიმტკიცებს, რომ პოლიცია და სუს-ი დეპოლიტიზებულია; ეს არის ხელისფულება, რომლისთვისაც უკვე ნორმად იქცა სხვის პირად ცხოვრებაში ჩარევა და მისი გასაჯაროება“, - განაცხადა დავით ჯანდიერმა.
ინტერნეტში დღეს გავრცელდა ჩანაწერი, რომელიც არაოფიციალური ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარს ასახავს.
ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული პირები პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობენ, მათ შორის ნიკა გვარამია პაატა ბურჭულაძეს ”გირჩის” იმ წევრების პოზიციის გამო საყვედურობს, რომელიც ”ქართულ ოცნებასთან” კოალიაციაში ყოფნის სურვილს ეხება. თავის მხრივ, ბურჭულაძე გვარამიას პასუხობს, რომ „მსგავსი რამ არ ხდება“.
ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი არ უარყოფს, რომ პაატა ბურჭულაძესთან მსგავსი საუბარი შედგა.
”ღია ხაზზე დავრეკე სპეციალურად. არაფერი მქონდა დასამალი და იმიტომ.
სამი დღე არ დაჭირდა სუს-ს. აი, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ”, - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში”.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სატელეფონო ჩანაწერის გავრცელების ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.