საერთოდ მოსმენები გულის ამრევია, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა. ბერძენიშვილი გამოეხმაურა გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს, რომელიც, სავარაუდოდ "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასა და მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერ პაატა ბურჭულაძეს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს ასახავს.
"საერთოდ მოსმენები გულის ამრევია, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ვარ დარწმუნებული, რომ გვარამიას უსმენდნენ. მე მგონია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მთავრობისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ბურჭულაძეს მოუსმინონ. ერთს უსმენდნენ თუ მეორეს ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს - უნდა გითხრათ პირდაპირ, რომ მოსმენები გულის ამრევია და ამის გამოქვეყნება და ის, რომ ამაზე ვინმე რამეს აწყობს, არ მიმაჩნია სწორად და სამართლიანად, მაგრამ ბურჭულაძის პოლიტიკური პარტია ეს არის ხელოვნური ფსევდოოპოზიცია, შექმნილი ბიძინა ივანიშვილისა და შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელსაც ყოველდღიურად ტოვებენ მთავარი წარმომადგენლები. ეს პარტია უკვე აღარ არსებობს, სამაგიეროდ, აქვს რაღაც შანსები - ყოველ დღე გამოდის მათი მნიშვნელვანი წარმომადგენელი და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს, მერე გამოდის ბიძინა ივანიშვილი და ამბობს, მე მაგის კაცი არ ვარ და ა.შ. ეს არის თამაში ორივე მხრიდან და თუ გნებავთ სამივე მხრიდან, მათ შორის „რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ დახატონ, თითქოს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" გარდა, რომლებსაც ეკუთვნით ეს პარტიაც, არავის შანსი არ აქვს. ეს არ არის სწორი. ეს ორი პარტია ერთად 50 %-ზე მეტს არ ფლობს. მომავალი პარლამენტი არ იქნება ერთპარტიული, ერთ პარტიას არ ექნება არანაირი განსაკუთრებული უპირატესობა, ამიტომ მათ სხვა რამეებზე მოუწევთ საუბარი", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.