ელენე ხოშტარია ფარულ ჩანაწერზე - დაუშვებელია, სუს-ი იყოს მთავარი პოლიტიკური მოთამაშე

ელენე ხოშტარია ფარულ ჩანაწერზე - დაუშვებელია, სუს-ი იყოს მთავარი პოლიტიკური მოთამაშე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ხელისუფლება არალეგიტიმური და არადემოკრატიული მეთოდებით ბრძოლას აგრძელებს. როგორც ხოშტარიამ დღეს გამოქვეყნებული ჩანაწერების შეფასებისას განაცხადა, დაუშვებელია მსგავს მეთოდებთან შეგუება და დაუშვებელია სუს-ი იყოს მთავარი პოლიტიკური მოთამაშე. 

”მოსმენები და შანტაჟი ხელისუფლების მხრიდან გახდა ნორმა. თან ეს ის ხელისუფლებაა, რომელიც პოლიციის დეპოლიტიზაციის და ადამიანის უფლებეების დაცვის ლიზუნგით მოვიდა. დაუშვებელია მსგავს მეთოდებთან შეგუება, დაუშვებელია, რომ სუსი იყოს მთავარი პოლიტიკური მოთამაშე. ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა ვთქვათ ასეთ მეთოდებზე, გავაუქმოთ პოლიტიკური პოლიცია და დავასრულოთ პირად ცხოვრებაში ჩარევა და შანტაჟი”, - განაცხადა ხოშტარიამ. 

ინტერნეტში ვრცელდება ჩანაწერი, რომელიც არაოფიციალური ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარს ასახავს.

ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული პირები პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობენ, მათ შორის ნიკა გვარამია პაატა ბურჭულაძეს ”გირჩის” იმ წევრების პოზიციის გამო საყვედურობს, რომელიც ”ქართულ ოცნებასთან კოალიაციაში ყოფნის სურვილს ეხება. თავის მხრივ, ბურჭულაძე გვარამიას პასუხობს, რომ „მსგავსი რამ არ ხდება“. 

ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი არ უარყოფს, რომ პაატა ბურჭულაძესთან მსგავსი საუბარი შედგა. 

”ღია ხაზზე დავრეკე სპეციალურად. არაფერი მქონდა დასამალი და იმიტომ.

სამი დღე არ დაჭირდა სუს-ს. აი, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ”, - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში”.