დიმიტრი ხუნდაძე - „არ ვიცი 68% მაქვს თუ 70, ყველაზე დიდი კვლევა საკუთარი ხალხის მხარდაჭერაა“

დიმიტრი ხუნდაძე - „არ ვიცი 68% მაქვს თუ 70, ყველაზე დიდი კვლევა საკუთარი ხალხის მხარდაჭერაა“

 დღეს, „ქართული ოცნების“ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ ისაუბრა მცხეთაში განვითარებულ მოვლენებზე და პირველად გაახმოვანა ოპონენტის ცეზარ ჩოჩელის მიერ საარჩევნო პერიოდში შესაძლო დარღვევების შესახებ: -„ყოველ დღე მოგვდის ინფორმაცია თითქმის ყველა სოფლიდან, რომ ჩოჩელმა ფულის დარიგება დაიწყო მოსახლეობაში ხმების სანაცვლოდ, რომ ჩოჩელმა ხალხი აქეიფა, რომ ჩოჩელის შტაბის წევრები ოჯახებში დადიან ჩვენს კოორდინატორებთან და სხვადასხვა სახით აშინებენ და ა.შ. მაგალითად, გუშინ, წეროვნის დევნილთა დასახლებიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ჩვენს ერთ-ერთ კოორდინატორთან მივიდნენ ოჯახში და მოთხოვეს ჩემზე არ ემუშავა. მე დღეს ვთხოვე შეხვედრა ამ გოგონას. ეს ნაციონალების ხელწერაა და მათ ისევ ძველი დრო ჰგონიათ, თუმცა, სიმართლე გითხრათ მიკვირს იმ ხალხის, ვისაც ჯერ კიდევ მათი ეშინია“. დიმიტრი ხუნდაძე ასევე შეეხო მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ დღეს უალტერნატივოა: - „საუბარი იმაზე, რომ ოცნება 100 მანდატს აიღებს, რეალურია. დღეს, სამწუხაროდ, უკონკურენტოდ გვიწევს მუშაობა, რადგან ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ შეძლეს ძლიერი იმიჯის შექმნა საზოგადოებაში. ეს არ არის კარგი, რადგან ჯანსაღი კონკურენცია ყოველთვის უმჯობესია“. ჟურნალისტის კითხვაზე, შეძლებდა თუ არა დიმიტრი ხუნდაძე სააგენტოების მიერ გავრცელებული კვლევებით 68%-ის შენარჩუნებას ბოლომდე ასეთ რთულ ბრძოლაში, ხუნდაძემ უპასუხა, რომ მისთვის ყველაზე დიდი კვლევა საკუთარი ხალხის მხარდაჭერაა, რასაც ყოველ შეხვედრაზე გრძნობს მცხეთელებისგან. -„არ ვიცი 68% მაქვს თუ 70, ეს კვლევები ჩვენ არ ჩაგვიტარებია. სააგენტოებმა ოპოზიციური პარტიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგი გამოაქვეყნეს. ჩემთვის ყველაზე დიდი კვლევა საკუთარი ხალხის მხარდაჭერაა. თუნდაც წეროვანში, სადაც ნამვილად არ ველოდი ამდენი ხალხის დახვედრას, ჩოჩელის საკუთარ სახლში ასეულობით ახალგორელი და ხეობელი გამოვიდა ჩვენს მხარდასაჭერად. მსურს მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს. ასევე, მადლობას ვუხდი ქალაქისა და რაიონის ყველა მოქალაქეს, რომლებიც არ იზარებენ და ყოველ დღე დიდი რაოდენობით მხვდებიან სხვადასხვა სოფელში. მე მათი ნდობა 4 წლის მანძილზე ნამდვილად გავამართლე და არც ახლა ვუმტყუნებ“.