თამაზ მეჭიაური - გამოკვლევების ჩამონათვალში მაინც შეგვიყვანონ, მკვდრებში მაინც ჩაგვწერონ

თამაზ მეჭიაური - გამოკვლევების ჩამონათვალში მაინც შეგვიყვანონ, მკვდრებში მაინც ჩაგვწერონ

”თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, შიდა გამოკვლევების მიხედვით მის პარტიას მინიმუმ 8%-იანი მხარდაჭერა აქვს. 
როგორც თამაზ მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მთავარია გამოკვლევების შედეგები რეალურად აისახოს საარჩევნო ბიულეტენში. მეჭიაური უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მისი პარტია არ ხვდება სხვა კვლევებში, რომელსაც სხვადასხვა ორგანიზაციები ატარებენ. 

”გამოკვლევების ჩამონათვალში მაინც შეგვიყვანონ. მკვდრებში მაინც ჩაგვწერონ. არსებობს ნეგატიური დამოკიდებულების შესახებ მონაცემები და ამ მიმართულებით მაინც ჩაწერონ ჩვენი პარტია”, - განაცხადა მეჭიაურმა. 

მისივე თქმით, ხალხში არის განწყობა, რომ აირჩიონ არა ვაშინგტონიდან მართული ”ქართული ოცნება” ან ”ნაციონალური მოძრაობა”, არამედ პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნიდან იქნება მართული. 

”თუ ბიძინა ივანიშვილის განცხადებების მიხედვით ვიმსჯელებთ, ჩვენ შანსი არ გვაქვს და მხოლოდ ორ პარტიას, ”ნაციონალურ მოძრაობას” და ”ქართულ ოცნებას” აქვს შანსი. თუ ხალხის განწყობის მიხედვით ვიმსჯელებთ, მაშინ ძალიან დიდი შანსი გვაქვს. ყოველდღიურად გავდივარ ხალხში და ამას ვგრძნობ. განწყობა მოსახლეობაში არის, რომ ყავდეს ხელისუფლება, რომელიც მათ მიერ იქნება არჩეული და არა ვაშინგტონიდან, ან მოსკოვიდან მართული, თუმცა ხალხში აჩენენ ნიჰილისტურ განწყობებს, რომ მაინც ამ ორ პარტიას ”ქართულ ოცნებას” და ”ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭერს ხალხი მხარს და სხვა პარტიისთვის ხმის მიცემას აზრი არ აქვს”, - განაცხადა მეჭიაურმა. 

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს ქართული პოლიტიკური სპექტრის გამრავალფეროვნებისთვის ყველაფერი უნდა გაეკეთებინა. 
”მას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ ეს სპექტრი ასეთი მჭლე არ იყოს და მხოლოდ ორ პოლიტიკურ ორგანიზაციაზე, ისიც ერთი ცენტრიდან მართულზე იდგეს. ”ქართული ოცნებაც” და ”ნაციონალური მოძრაობაც“ იმართება ვაშინგტონიდან და ფაქტობრივად ერთხელისუფლებიანობასთან გვაქვს ადგილი. ერთს შეხვდა მთავარი მოთამაშის და მეორეს კი, სათადარიგო მოთამაშის როლი. ეს ძალიან ცუდია. მივესალმები, თუ ბიძინა ივანიშვილი ხელს შეუწყობს ამ სპექტრის გამრავალფეროვნებას, რომელშიც იქნებოდნენ ჩვენი ქვეყნიდან მართული პოლიტიკური ძალები”, - განაცხადა მეჭიაურმა. 

მისივე თქმით, მისი პარტია სხვა პარტიებთან შედარებით, არათანაბარ კონკურენციაშია. 

”კვალიფიციური პარტიები საინფორმაციო ომში გვიგებენ, რადგან ჩვენ არ გვაქვს წვდომა უფასო საეთერო დროსთან, უფასო რეკლამასთან, ბიუჯეტის დაფინანსებასთან. ეს არათნაბარ პირობებში გვაყენებს, მაგრამ ღმერთია ჩვენსკენ. ღმერთმა შვიდიანი მოგვცა და ვისაც ღმერთი სწამს ის თვითონ ხვდება ღმერთის წინააღმდეგ წავიდეს თუ არა”, - განაცხადა მეჭიაურმა.