არ არის საჭირო საჩვენებელი თათბირების ჩატარება, საჭიროა მოქმედება, - ასე აფასებს "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ირაკლი ჩიქოვანი შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებას, რომ საქართველოს თითოეულ რეგიონში საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებისაგან პასუხისმგებელი ჯგუფები შეიქმნება.
"შინაგან საქმეთა სამინისტროში ნამდვილად მსახურობენ ისეთი ოფიცრები და ადამიანები, რომლებსაც არანაირი სურვილი არ აქვთ ამ პროცესში იყვნენ ჩართული, მაგრამ არიან პოლიტიკური ხელმძღვანელები, რომლებიც ამას აიძულებენ. არ არის საჭირო საჩვენებელი თათბირების ჩატარება, საჭიროა მოქმედება. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ხელს შეუშლის საარჩევნო პროცესს, უნდა იყოს ადეკვატურად დასჯილი და მეორე მხრივ, მხოლოდ შს სამინისტროზე არ არის საუბარი. ჩვენ უნდა ვისაუბროთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებზე, რომლის უშუალო ჩარევასაც ჩვენ ყოველდღიურად პოლიტიკოსები ვხედავთ საარჩევნო პროცესში, რაც არ განსხვავდება 2012 წლის არჩევნებისგან", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
კითხვაზე, რა სახის ზეწოლაზეა საუბარი, ჩიქოვანმა უპასუხა, რომ "თავისუფალი დემოკრატების" მოსახლეობასთან შეხვედრაზე მიმდინარეობს ვიდეო-ჩაწერა და ასევე მას შემდეგ, რაც გორში მაჟორიტარობის კანდიდატად ირაკლი ალასანია დასახელდა, ადგილობრივ მხარდამჭერებზე ზეწოლა მიმდინარეობს.
შს მინისტრმა 8 ოქტომბრის არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა. ბრძანების შესაბამისად, არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით ღონისძიებებს განახორციელებს. საქართველოს თითოეულ რეგიონში საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებისაგან შეიქმნება პასუხისმგებელი ჯგუფები, რომლებიც თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე უზრუნველყოფენ: მოსალოდნელი საფრთხეების, მათი გამომწვევი მიზეზებისა და რისკების მუდმივ შეფასებას და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას; არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელთა შესაძლო გამოცხადების მიზნით, უსაფრთხოების გეგმის შემუშავებასა და არჩევნების პერიოდში გამოვლენილ სამართალდარღვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების ორგანიზებას.