დავით უსუფაშვილი - ყოფილა ასეთი ვითარებები, როცა ბიძინა ივანიშვილი დაგვმშვიდობებია და ვერ დაგვმშვიდობებია

დავით უსუფაშვილი - ყოფილა ასეთი ვითარებები, როცა ბიძინა ივანიშვილი დაგვმშვიდობებია და ვერ დაგვმშვიდობებია

ყოფილა ასეთი ვითარებები, როცა ბიძინა ივანიშვილი დაგვმშვიდობებია და ვერ დაგვმშვიდობებია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სალომე ასათიანის გადაცემაში განაცხადა.

უსუფაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პოლიტიკიდან წასვლის სურვილის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი გარკვეული საკითხის გადაჭრაში მონაწილეობდა.

„მარტის თვეში, სამი პიროვნება ვისხედით ოთახში და დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში გვქონდა ძალიან სერიოზული პოლიტიკური და ძალიან ემოციური საუბარი. ამ შეხვედრის შემდეგ ორი დავემშვიდობეთ ერთმანეთს და ხელი ჩამოვართვით. ის ერთი იყო ბიძინა ივანიშვილი, ხოლო, ვისაც დაგვემშვიდობა - მე და კვირიკაშვილი. მან თქვა, ახლა, მართლა სამუდამოდ და საბოლოოდ წავედი მეო. გვითხრა, რომ აღარ შეგვხვდებოდა და ტელეფონზე გვიპასუხებდა, თუ ქვეყანა დაიქცეოდა, ჩვენ კი არ დაგვირეკავდა. ყოფილა ასეთი ვითარებები, როცა დაგვმშვიდობებია და ვერ დაგვმშვიდობებია - 2013 წლის ბოლოსაც, როდესაც გადადგა პრემიერობიდან, ასევე დავემშვიდობეთ ერთმანეთს. მაშინ ოთხნი ვიყავი - ღარიბაშვილი, მარგველაშვილი, მე და ივანიშვილი. იქაც, ისევ დავემშვიდობეთ, რომ წავედიო. ვეუბნეოდი, რომ არ უნდა წასულიყო. ვეუბნებოდი პირისპირ და ვლაპარაკობდი საჯაროდ. ვხედავდი, რომ იმ სისტემას, იმ გუნდს, იმ იერარქიას, რომელსაც ქვეყანა ჩაბარდა, არ ყოფნიდა პასუხისმგებლობა, ხედვა, რისკის გაწევის უნარი. შარშან, 2015 წლის აპრილში, ისევ გვთხოვა შეხვედრა ბატონმა ბიძინამ მთელ პარტიას...“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე განმარტებით, ბიძინა ივანიშვილმა მიაღწია უპრეცედენტო სიმაღლეებს გარკვეულ სფეროში და შეიძლება გაუჩნდა განცდა, რომ ნებისმიერი სიმაღლე შეუძლია მარტივად დაიპყროს, თუმცა ეს ასე არ არის.

“ბიძინა ივანიშვილი ინდივიდუალისტი ადამიანია და ხშირად მითქვამს ხუმრობაშიც - ერთ ნაბიჯზე ენდობით ყველას-მეთქი. კოალიციური ცხოვრება რომ დავიწყეთ, უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ საკითხებზე მსჯელობისას, გამვლელს ვინც ოთახში შემოივლიდა, ეძახდა - მოდი, მოდი გავაგრძელოთ საუბარიო. უცებ აღმოჩნდებოდა, რომ 20 კაცში ვსაუბრობდით ისეთ თემებზე, რომლებზეც 3 კაცში უნდა გვესაუბრა. ერთ ნაბიჯზე ენდობით ყველას-მეთქი, მეორე და მესამე ნაბიჯზე აღარ ენდობით არავის-თქო. 

ბიძინა ივანიშვილმა მიაღწია უპრეცედენტო სიმაღლეებს გარკვეულ სფეროში, მან მიაღწია ასეთ სიმაღლეებს 2012 წელს და მას შეიძლება გაუჩნდა განცდა, რომ ნებისმიერი სიმაღლე შეუძლია მარტივად დაიპყროს. არადა, ეს ასე არ არის და ისტორია გვასწავლის - ხელისუფლების მოპოვება გაცილებით მარტივია, ვიდრე მასთან გამკლავება, მისი ღირსეულად შენარჩუნება და კიდევ უფრო ღირსეული გადაცემა. 

ჩვენ ვართ კონკურენტები. კონკურენტი, როდესაც ასეთ პრეტენზიას მიყენებს, იძულებული ვიყავი მინიმალისტური პასუხი გამეცა. ორი კაცი - გიორგი და დავითი შეხვდნენ ერთმანეთს, გიორგის ჰქონდა გარკვეული კითხვა გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით, მე კაცურად ვუპასუხე, გადავეხვიეთ ერთმანეთს და მივიღე მისგან მცირე საჩუქარი ამ ინციდენტის თუ გაუგებრობის ამოწურვის აღსანიშნავად. ამის შემდეგ, მესამე თუ მეცხრე პირების საუბარი არასწორად მიმაჩნია“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.