ვფიქრობ, "ნაციონალური მოძრაობის" უცვლელი ლიდერი საკმაოდ ღია, სკანდალურ განცხადებებს აკეთებდა იმასთან დაკავშირებით, რომ რეჟიმი უნდა დაემხოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლკსკიმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
ვოლსკის შეფასებით, აღნიშნული ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემა წინასაარჩევნო გარემო იქნება.
"წინასაარჩევნო პერიოდია და მთავარი თემა იქნება არჩევნები. ვისაუბრებთ, როგორ ვაპირებთ არჩევნების ჩატარებას და როგორ ვხედავთ საქართველოს მომავალს. ჩვენც მივაწოდებთ ინფორმაციას, ისინიც მოგვაწვდიან და ინფორმაციებს გავცვლით", - განაცხადა ვოლსკიმ.
კითხვაზე, შეეხება თუ არა საუბარი შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ არსებობს დესტაბილიზაციის და პროვოკაციების საფრთხე, ვოსლკის თქმით, "ალბათ ამ თემაზეც იქნება საუბარი".
"მე ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი შეხედულებები მაქვს და არაერთხელ მისაუბრია. ვფიქრობ, "ნაციონალური მოძრაობის" უცვლელი ლიდერი საკმაოდ ღია, სკანდალურ განცხადებებს აკეთებდა იმასთან დაკავშირებით, რომ რეჟიმი უნდა დაემხოს, არჩევნებს ვერ დაველოდებით, ეს იყო ბევრ ინტერვიუში. არის კიდევ ბევრი სხვა ინფორმაცია, რომელიც პოლიტიკოსებისთვის და საზოგადოებისთვის ღია ინფორმაციაა. რა დამატებით ინფორმაციას ფლობს შს სამინისტრო, ამასთან დაკავშირებით მე დამატებითი კომენტარი არ მაქვს", - აღნიშნა ვოლსკიმ.