რატომ მიიწვიეს ტრამპთან შეხვედრაზე ქართველი მომღერლები და მოდელები

რატომ მიიწვიეს ტრამპთან შეხვედრაზე ქართველი მომღერლები და მოდელები

 

21 აპრილს ამერიკელი მილიარდერი, 66 წლის დონალდ ტრამპი (მისი ქონება ჟურნალმა "ფორბსმა" 2,9 მილიარდ დოლარად შეაფასა. უძრავ-მოძრავი ქონების გარდა, ტრამპს, აგრეთვე, ეკუთვნის სილამაზის რამდენიმე კონკურსის - "მის ამერიკა", "მის სამყარო" - ჩატარების უფლებაც) საქართველოში ჩამოვიდა და პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ბათუმში "ტრამპ თაუერის" მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. გავრცელებული ინფორმაციით, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტმა ტრამპის საქართველოში ვიზიტი ბათუმში, რესტორან "ყირამალაში" აღნიშნა...

ჩვენი წყაროს ცნობით, ტრამპთან შესახვედრად თბილისიდან ბათუმში მომღერლები ნინი ბადურაშვილი და ქრისტინე იმედაძე, ბალერინა ლიკა ლაბაძე, მოდელები ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნანუკა გოგიჩაიშვილი წაიყვანეს. იმედაძე და ბადურაშვილი ბათუმში პრეზიდენტთან ერთად გაფრინდნენ, სხვებმა კი დონალდ ტრამპთან ერთად იმგზავრეს. გოგონებისთვის ამ ღონისძიებაზე მიპატიჟება მოულოდნელი იყო, მაგრამ ამერიკელ ბიზნესმენთან შეხვედრაზე უარი არ უთქვამთ. ამ შეხვედრის ამსახველი ფოტოები ინტერნეტშიც გავრცელდა, მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ გაქრა. თუმცა დონალდ ტრამპისა და ნინი ბადურაშვილის შეხვედრის ამსახველი ფოტო მაინც მოვიპოვეთ. როგორც ამბობენ, ტრამპის პატივსაცემად გამართულმა ნადიმმა დილამდე გასტანა.

ამ თემაზე სასაუბროდ მოდელ ნანუკა გოგიჩაიშვილს დავუკავშირდით: 

- ნანუკა, ვინ და რა მიზნით მიგიწვიათ დონალდ ტრამპთან?
- როგორც "მის უნივერსის" კონკურსანტი, მოულოდნელად მიმიწვიეს ტრამპთან შესახვედრად.

- როგორი შთაბეჭდილება დატოვა დონალდ ტრამპმა?
- ძალიან მეგობრული და კარგი ადამიანია. საქართველოში ჩამოსვლისთანავე უკითხავს: "მის უნივერსის" კონკურსანტი, ჩემი ჟურნალის გოგო სად არისო? მითხრეს, ბევრჯერ გიკითხაო და ეს გადაჭარბებული მეგონა, მაგრამ როდესაც მივედი, მითხრა: ვერ გპოულობდი და გამიხარდა, რომ შეგხვდიო.

ვინ იყო შენთან ერთად შეხვედრაზე?
- მე მარტო შევხვდი, რაღაც შეხვედრიდან ბრუნდებოდა და სასტუმროში შევხვდი. 

- თბილისიდან რით იმგზავრეთ?
- თვითმფრინავით წავედით აქედან. 

შევიტყვეთ, რომ შენთან ერთად ტრამპის თვითმფრინავით მგზავრობდნენ ლიკა ლაბაძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი...
- ლიკა ლაბაძე ვინ არის?

"ცეკვავენ ვარსკვლავების" კონკურსანტი.
- დაურეკეთ ლიკას და მას ჰკითხეთ. რაც იყო, უკვე გითხარით.

რამე სამახსოვრო საჩუქარი ხომ არ მოგიძღვნა ტრამპმა?
- არა, არაფერი უჩუქებია.

ნანუკა გოგიჩაიშვილთან გასაუბრების შემდეგ ნინი ბადურაშვილს დავუკავშირდით: 

ნინი, მოვიპოვეთ ფოტო, რომელზეც შენ და დონალდ ტრამპი ერთად ხართ გამოსახული...
- ახლა შეხვედრაზე ვარ და ერთ საათში დამირეკეთ.

ერთი საათის შემდეგ ნინიმ ჯერ არ უპასუხა ზარს, შემდეგ კი უცნობმა ვაჟმა გვიპასუხა, რომელიც გვიმტკიცებდა, ნინი ვარო (?!) თუმცა მოგვიანებით ტელეფონი ნინის გადასცა. აი, რა გვითხრა ნინი ბადურაშვილმა:

- დონალდ ტრამპთან ვახშამზე უნდა მემღერა და სწორედ იქ არის გადაღებული ეს ფოტოები.

- როგორც ვიცი, პრეზიდენტის თვითმფრინავით გაფრინდით ბათუმში ქრისტინე იმედაძესთან ერთად..
- ტყულია ეგ ინფორმაცია. მე მანამდე ვიყავი ბათუმში ჩასული კონცერტის გამო. 

როგორი პიროვნებაა დონალდ ტრამპი?
- ძალიან კარგი ადამიანია. მითხრა, ლამაზი ხარ და კარგად მღერიო. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. 

- შენ გარდა კიდევ ვინ იყო ტრამპთან ვახშამზე?
- მე ვიყავი, სოფო ნიჟარაძე და კიდევ - მოცეკვავეები.