ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ლევან დოლიძე უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე საუკეთესო კანდიდატია

ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ლევან დოლიძე უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე საუკეთესო კანდიდატია

მე ვისურვებდი, რომ პრეზიდენტმა უახლოეს პერიოდში მიიღოს გადაწყვეტილება, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოში ირინა იმერლიშვილის წასვლის შემდეგ არ გაჩნდეს რაიმე ვაკუუმი, - ამის შესახებ ”თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე არაოფიციალურად დასახელებულ, სავარაუდო კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა.

ალექსი პეტრიშვილის თქმით, ლევან დოლიძე და ვანო მაჭავარიანი, რომლებიც აღნიშნულ თანამდებობაზე სავარაუდო კანდიდატებად სახელდებიან, უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს სრულად შეესაბამებიან.

”ლევან დოლიძესთან მიმართებაში შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ ის საუკეთესო კანდიდატია ამ თანამდებობაზე. ყველა სტანდარტს და მოთხოვნილებას აკმაყოფილებს. მიუხედავად ჯერ კიდევ ახალგაზრდული ასაკისა, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და ძალიან დიდი წარმატება, როგორიც იყო უელსის სამიტი ნატო-ში ელჩობის დროს, სწორედ მისი შრომის შედეგად მოხდა ის შედეგი, რაც მივიღეთ ნატო-ში.

რაც შეეხება ვანო მაჭავარიანს, მასაც აქვს დიდი გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობებში, უსაფრთხოების მიმართულებით სახელმწიფო სამსახურში. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის გადასაწყვეტია, თუ ვის დანიშნავს.

მე ვისურვებდი, რომ პრეზიდენტმა უახლოეს პერიოდში მიიღოს ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოში ირინა იმერლიშვილის წასვლის შემდეგ არ გაჩნდეს რაიმე ვაკუუმი,” -განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.

პეტრიაშვილმა ირინა იმერლიშვილის საქმიანობაც შეაფასა და აღნიშნა, რომ მას არც თუ ისე მარტივ პერიოდში მოუწია საქმიანობა, თუმცა უშიშროების საბჭოს ეფექტიანად წარუძღვა.

საქართველოს პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი საკუთარი კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლედ დანიშნა. შესაბამისად, უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა ვაკანტური ხდება.

არაოფიციალური ინფორმაციით, პრეზიდენტი აღნიშნულ პოსტზე ლევან დოლიძის და ვანო მაჭავარიანის კანდიდატურებს განიხილავს.