ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ უზარმაზარ პროგრესს და დღეს, ჩვენი ხალხის დამსახურებით, საქართველო არის თანამედროვე, დინამიური და დემოკრატიული სახელმწიფო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, სატრანსპორტო სისტემების სისწრაფე და ეფექტიანობა დამოუკიდებულია სხვადასხვა ქვეყანაში რიგი ზომების მიღებაზე.
„ჩვენი გამოწვევა დღესაც მდგომარეობს სახელისუფლებლო მომსახურების ინტეგრაციის გაუმჯობესების გზების პოვნა და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის, ასევე ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის შეთანხმებული მოქმედებისა და ყველაზე უსაფრთხო სატრანსპორტო პრაქტიკის გამოყენების უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ არის ასე სასიხარულო, რომ დღეს აქ შეიკრიბე ლიდერთა და პროფესიონალთა ასეთი შთამბეჭდავი ჯგუფი. სანამ შევეხები საქართველოსთვის საზღვაო სფეროს საკითხების მნიშვნელობას, ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის შესახებ. წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს. მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ უზარმაზარ პროგრესს და დღეს, ჩვენი ხალხის დამსახურებით, საქართველო არის თანამედროვე, დინამიური და დემოკრატიული სახელმწიფო. ჩვენ აღვადგინეთ ქვეყნის დამოუკიდებლობა და დღეს ვამყარებთ ჩვენს პოზიციებს, როგორც ევროატლანტიკური საზოგადოების დაფასებული და ანგარიშგასაწევი პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებას, რომლებიც სრულად ამოქმედდა ორი თვის წინ. გარდა ამისა, ღრმავდება ჩვენი ურთიერთობა ნატო-სთან. ჩვენ ვამართლებთ ჩვენს რეპუტაციას, როგორც რეგიონში წამყვანი რეფორმატორი ქვეყანა. ჩვენი ეკონომიკა დღესაც წარმატების მაგალითია ეკონომიკური ზრდის კუთხით რეგიონში, რომელიც განიცდის ეკონომიკურ დეპრესიას თუ არა, მნიშვნელოვან შეფერხებას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, 2015 წელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა 2,8 პროცენტით, ხოლო 2016 წელს მოსალოდნელია, სულ მცირე, სამპროცენტიანი ზრდა.
„როდესაც უცხოელი ინვესტორები უყურებენ საქართველოს, ისინი ხედავენ სტაბილურ ნორმატიულ გარემოს, რეგულაციების სიმცირეს, დაბალ გადასახადებს, ბიუროკრატიის ნაკლებობას და ბიზნესგარემოს გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს. სწორედ ამიტომ მატულობს ყოველ წელს, ორმაგდება და ოთხმაგდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადი საქართველოში. ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები ყველასთან. ჯერ კიდევ 2016 წლის ივლისში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ძალაში სრულად შესვლამდე ჩვენ დავიწყეთ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შემუშავება, რომელიც დღეს უკვე დასასრულს უახლოვდება. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს მსგავსი შეთანხმებები დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან, თურქეთსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ სახელმწიფოებთან. ჩვენ ასევე ვსარგებლობთ აშშ-სთან, იაპონიასა და კანადასთან ზოგადი პრეფერენციული რეჟიმით. მეორე მხრივ, ჩვენ, როგორც პასუხიმგებელი მხარე, უზრუნველვყოფთ მკაფიოდ გამოხატულ ევროპულ ხარისხს”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.