ხათუნა ლაგაზიძე სახელმწიფო დაცვის დანიშვნის საკითხზე პროკურატურაში შეხვედრას გამართავს

ხათუნა ლაგაზიძე სახელმწიფო დაცვის დანიშვნის საკითხზე პროკურატურაში შეხვედრას გამართავს

ხათუნა ლაგაზიძე მისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნის საკითხზე დღეს პროკურატურაში შეხვედრას გამართავს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავად ლაგაზიძემ განუცხადა. ის დაინტერესების გამო ხელისუფლებას მადლობას უხდის.

ხათუნა ლაგაზიძე, რომელმაც პაატა ბურჭულაძის მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ დატოვა, აცხადებს, რომ მის ოჯახს საფრთხე ემუქრება. ლაგაზიძის თქმით, პაატა ბურჭულაძის ზურგს უკან ყოფილი „ნაციონალები“ და კრიმინალური მენტალობის მქონე ადამიანები არიან და საარჩევნო სიაც სწორედ მათი ზეწოლით დაკომპლექტდა.

„მე ვსაუბრობ კრიმინალური მენტალობის მქონე ადამიანების ყოფნაზე პარტიის საარჩევნო შტაბში. ერთ-ერთი მთავარი გახლავთ გოგა კალაძე, რომელიც დღეს წარმოადგენს აჭარაში პაატა ბურჭულაძის ბლოკის საარჩევნო სიის პირველ ნომერს. ამ ადამიანებს აქვთ ძალიან მძიმე ცოდვებით დამძიმებული წარსული და სწორედ იმ იძულების ფორმებიდან, რითიც მე, ფაქტობრივად, მაიძულეს, დამეტოვებინა პარტია, მაქვს სრული საფუძველი, განვაცხადო, რომ დღეს მე და ჩემი ოჯახი ვდგავართ სერიოზული საფრთხის წინაშე“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ლაგაზიძემ მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაბამის სახელმწიფო უწყებებს რამდენიმე დღის წინ სთხოვა, მანამდე კი პირადი დაცვით გადაადგილდება.