გიორგი კვირიკაშვილი არ გაძლევს იმის საფუძველს, რომ მასზე ცუდი რამ თქვა. ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის მეთაურად დანიშვნა უდაოდ კარგი სვლა იყო.
ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, "ივანიშვილთან შეხვედრებისას ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი ის იყო, რომ ექსპრემიერი აზრის გამოთქმის შესაძლებლობას ყოველთვის გაძლევდა".
"ივანიშვილი არ მალავდა, რომ კამათი უყვარს. მე პირადად, კამათისას უკან არასდროს დამიხევია. ყოფილა სიტუაციები, როცა ვერ შევთანხმებულვართ, მაგრამ ერთმანეთის აზრისთვის პატივი გვიცია. რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, ჩვენს გუნდში ერთი იდეის გარშემო შეკრებილი ადამიანები ვართ და ირაკლი ალასანია თანასწორთა შორის უპირველესია. ბიძინა ივანიშვილი დღეს რაღაც შეცდომებზე საუბრობდა, მაგრამ უშეცდომო არავინაა და შეცდომების გამოსწორება ყოველთვის შეიძლება", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის მეთაურად დანიშვნა უდაოდ კარგი სვლა იყო.
"გიორგი კვირიკაშვილი არ გაძლევს იმის საფუძველს, რომ მასზე ცუდი რამ თქვა. ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის მეთაურად დანიშვნა უდაოდ კარგი სვლა იყო. ამან ჩვენს სტრატეგიაში ცვლილებები განაპირობა, რადგან კვირიკაშვილის ყველა განცხადება ჯანსაღი და საზოგადოების გაერთიანებისკენ მიმართულია, მაგრამ როცა 5 უდანაშაულო ადამიანი სასჯელს იხდის, ჩვენ ამას არასდროს გავატარებთ. ვერ დავიჯერებ, რომ გიორგი კვირიკაშვილს ეს ადამიანურად არ აწუხებს", - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა.