ოზი ოსბორნი ბაბუა გახდა

ოზი ოსბორნი ბაბუა გახდა

გამოცემა “People”-ს ცნობით, რამდენიმე დღის წინ ჯგუფი “Black Sabbath”-ის ლიდერი ოზი ოსბორნი ბაბუა გახდა.

24 აპრილს, ოზის ვაჟიშვილი ჯეკისა და მისი მეუღლე ლიზი სტელის ახალგაზრდული ოჯახი ახალი წევრით გამდიდრდა. ბედნიერმა წყვილმა ახალდაბადებულ გოგონას სახელად პერლი დაარქვა.

ოზი ოსბორნს ამ საზეიმო შემთხვევის გამო ბრიტანულ მას-მედიაში ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. სამაგიეროდ საკუთარი მოსაზრება ოზის მეუღლემ, ქალბატონმა შერონ ოსბორნმა გააკეთა.

“საპატიო ასაკის მიუხედავად თავს ყოველთვის ახალგაზრდად ვგრძნობდი. ორი დღის წინ ბებია გავხდი და იმ ფაქტის წინაშე დავდექი რომ ცხოვრება ახალ ამპლუაში მომიწევს. შვილიშვილის გაზრდა  საპატიო მოვალეობაა და შევეცდები თავი არ შევირცხვინო. არ დაგიმალავთ და დროებით გაურკვევლობაში ვიმყოფები. პერლის დაბადება ძალიან გამიხარდა და შევეცდები პატარა მაქსიმალურად გავანებივრო. ამის მიუხედავად მისთვის “ჯოჯოხეთური” ბებია ვიქნები.” – განაცხადა შერონ ოსბორნმა.

ბრიტანელი ჟურნალისტები ხუმრობენ, რომ ბებია ჩვილს როკმენად გაზრდის და თუ ოზის ჯანმრთელობა ხელს შეუწყობს, ჯგუფში მალე ახალი წევრის აყვანა მოუწევს.

ჯეკ ოსბორნმა და ლიზი სტელიმ ერთმანეთი 2011 წლის დასაწყისში გაიცნეს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეყვარებულები ერთად ცხოვრობენ. კულუარული ცნობით, მიმდინარე წლის ივლისში ოფიციალურად დაქორწინებას აპირებენ.

გასული წლის დეკემბერში ჯეკს ჯგუფის ისტორიის შესახებ დოკუმენტური სურათის გადაღება სურდა, მაგრამ ბატონმა ოზიმ ეს იდეა არ მოიწონა. ოსბორნის მტკიცებით, “Black Sabbath”-ის თითოეული წევრის ბიოგრაფია დადებითი ფურცლებით განებივრებული არ არის და მუსიკოსებს არაერთი უარყოფითი თვისება გააჩნიათ. ჯერჯერობით უცნობია ჯეკ ოსბორნი ამ დოკუმენტური ფილმის გადაღებას როდის შეუდგება.