სევდია უგრეხელიძე - ნარმანია მილიონი ხის დარგვას პირდებოდა მოსახლეობას და ამის ნაცვლად ასანთის ღერებს აკვეხებს მიწაში

სევდია უგრეხელიძე - ნარმანია მილიონი ხის დარგვას პირდებოდა მოსახლეობას და ამის ნაცვლად ასანთის ღერებს აკვეხებს მიწაში

დავით ნარმანია მილიონი ხის დარგვას პირდებოდა მოსახლეობას და ამის ნაცვლად ასანთის ღერებს აკვეხებს მიწაში, ან რასაც რგავს, ხმება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ სევდია უგრეხელიძემ განუცხადა.

სევდია უგრეხელიძის თქმით, გუშინ მერიაში გამართულ შეხვედრაზე საზოგადოება გახდა იმის მომსწრე, რომ მერი თავის პოზიციების დაცვაში არაადეკვატურია, იგი თავსა და ლექსიკას ვერ აკონტროლებს, რაც ეს უკვე არის საფრთხე ამ ქალაქისთვის. 

„აქამდე ჩვენ ვაპროტესტებდით მერის გადადგმულ ყოველ მცდარ ნაბიჯს და ვასაბუთებდით რატომ უნდა გაკეთდეს სხვაგვარად და ეს მერი რატომ არის ამ ადგილისთვის შეუფერებელი. ახლა უკვე ამ ყველაფერმა პიკს მიაღწია. მერი, რომელიც ქალაქს მილიონი ხის დარგვას პირდებოდა და ამის მაგივრად ასანთის ღერებს აკვეხებს მიწაში, ან რასაც რგავს, ხმება, ამ დროს ხეების ჭრაზეა გადასული. 550 ხეს ჭრის და შემდეგ ამ მიწას ჩუქნის ივანიშვილს. ყაზბეგის ქუჩაზე ჭრის ცოცხალ ხეებს და ცდილობს, ეს ვიღაც ექსპერტებს გადააბრალოს. ეს არის უკვე ისეთი დონის მავნებლობა, რომ მთელი ქალაქი ამის მიმართ გულგრილი არ არის და ყველა აღშფოთებულია. გუშინ ჩვენ გავხდით იმის მომსწრე, რომ მერი თავის პოზიციების დაცვაში არაადეკვატურია. იგი თავის თავსა და ლექსიკას ვერ აკონტროლებს. ეს უკვე არის საფრთხე ამ ქალაქისთვის. აქედან გამომდინარე, უკვე შეუძლებელია განაგრძოს ფუნქციონირება, როგორც მერმა“, - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.