გია ხუხაშვილი - დავით ნარმანიას ავტორიტეტი ნულს მიუახლოვდა

გია ხუხაშვილი - დავით ნარმანიას ავტორიტეტი ნულს მიუახლოვდა

როდესაც ადამიანი ცდილობს გამოვიდეს, როგორც საზოგადოებრივი, ასევე პირადად მისთვისაც ბუნებრივი ჩარჩოებიდან, ასეთი ადამიანი შეიძლება უკვე შეუსაბამო იყოს სტატუსთან, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განუცხადა, რითაც თბილისის მერის, დავით ნარმანიას მიერ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისადმი გამოყენებულ რეპლიკას: „მაიმუნი, ვირიშვილი“ გამოეხმაურა.
როგორც ხუხაშვილმა განაცხადა, სამართლებრივად, ამჟამად დავით ნარმანიას გადადგომის საფუძველი არ არსებობს, რაც შეეხება მორალურ მხარეს, პოლიტოლოგის თქმით, საკუთარ მორალურ პასუხისმგებლობაზე და შესაბამის შედეგებზეც მერი პასუხს თავად აგებს.

”როგორც ჩანს, მთლად კარგ მდგომარეობაში არაა. მისთვის აბსოლუტურად შეუფერებელი საქციელი იყო. რატომღაც ის თვლის, რომ რაც არის მისი ბუნებრივი მდგომარეობა, ის არაა კარგი და აუცილებლად უნდა იუზრდელოს. როდესაც ადამიანი, ცდილობს გამოვიდეს როგორც საზოგადოებრივი, ასევე პირადად მისთვისაც ბუნებრივი ჩარჩოებიდან, ასეთი ადამიანი შეიძლება უკვე შეუსაბამო იყოს სტატუსთან. დანარჩენი თვითონ უნდა ნახოს. არ გადადგება და შესაბამისად, შედეგებზეც თვითონვე უნდა იყოს პასუხისმგებელი. ფაქტია, რომ ისედაც არ ჰქონდა მაღალი ავტორიტეტი და ახლა მისი ავტორიტეტი ნულს მიუახლოვდა. ეს მისთვის, სამომავლოდ დიდი პრობლემა იქნება”, - განაცხადა ხუხაშვილმა. 

რაც შეეხება უშუალოდ ხეების ჭრასთან დაკავშირებულ საკითხს, პოლიტოლოგის აზრით, „თუ ხეები იჭრება და პირობითად უკანონობა ხდება, აქ შეიძლება იყოს სხვადასხვა დონის პასუხისმგებლობა“. 

„შეიძლება იყოს მერის, შეიძლება რომელიმე სამსახურის უფროსის ან ვინმე სხვისი. ეს კონკრეტული მოკვლევის საგანია. მე არ ვიცი, რამდენად მიდის კვალი უშუალოდ ნარმანიასთან”, - აღნიშნა ხუხაშვილმა.