ანა დოლიძემ და კახა კოჟორიძემ თბილისის მერიასთან მოშიმშილე პარტიზანი მებაღე მოინახულეს

ანა დოლიძემ და კახა კოჟორიძემ თბილისის მერიასთან მოშიმშილე პარტიზანი მებაღე მოინახულეს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ და მრჩეველმა მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში კახა კოჟორიძემ თბილისის მერიის წინ მოშიმშილე, ”პარტიზანული მებაღეობის” წევრი ელენე მალაშევსკი-ჯაყელი მოინახულეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ელენე მალაშევსკი-ჯაყელს გაესაუბრნენ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაიგეს.

”ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება ყველა ჩვენგანის ფუნდამენტური უფლებაა. შესაბამისად, გასაგებია, რომ მოქალაქეები წუხილს გამოთქვამენ ამ უფლების განხორციელებაზე, თუმცა შიმშილობა პროტესტის ყველაზე რადიკალური ფორმაა. ჩვენ დღეს მოვინახულეთ მოშიმშილე. მოვუწოდეთ, რომ შიმშილობის აქციით განსაკუთრებული დიდი ზიანი არ მიაყენონ საკუთარ ჯანმრთელობას და დემოკრატიულ საზოგადოებაში დადგენილი მეთოდებით, ბუნებრივია, ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა განახორციელონ საკუთარი სურვილები და პოლიტიკური მოთხოვნები“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

რაც შეეხება მათ მოთხოვნას, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის გადადგომის შესახებ, ანა დოლიძის თქმით, თბილისი არის თვითმმართველი ერთეული, რომელსაც გააჩნია თავისი მაკონტროლებელი ორგანოები და თვითმმართველობა პასუხისმგებელია ამომრჩევლის წინაშე.

”პრეზიდენტის სახელით იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა ის მექანიზმი, რომელიც დაწესებულია მსგავსი შემთხვევებისთვის, ეფექტურად ამუშავდება”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

თავის მხრივ, კახა კოჟორიძემ აღნიშნა, რომ თბილისის მერიასთან მათი მისვლის მიზანი მოშიშმილის მონახულებაა. 

”ჩვენი თხოვაა მათ მიმართ, რომ იქნებ კიდევ იყოს დიალოგის რესურსი. მე იმედი მაქვს და ამის შესახებ მერიამაც დაადასტურა, რომ ხეების მოჭრის საკითხთან დაკავშირებით ცვლილებები განხორციელდება”, - განაცხადა კოჟორიძემ.

ელენე მალაშევსკი-ჯაყელის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და შიმშილობას აგრძელებს. როგორც მალაშევსკი-ჯაყელმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ მისი მდგომარეობა გაუარესდება, მას სხვა ჩაანაცვლებს და ისინი პროტესტს იქამდე გაგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ელენე მალაშევსკი-ჯაყელის თქმით, მას შემდეგ, რაც ”პარტიზანული მებაღეობის” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მერია მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობით არ ინტერესდება, თბილისის მერიამ სასაწრაფო დახმარების სამსახურს მორიგეობა დაავალა და 6 საათში ერთხელ ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებენ.

”პარტიზანული მებაღეობის” წარმომადგენლები თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის ფაქტს აპროტესტებენ. ისინი თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის გადადგომას და სამსახურის რეორგანზიაციას მოითხოვენ. ორგანიზაციის წარმომადგენლები უკვე რამდენიმე დღეა დედაქალაქის მერიასთან შიმშილობენ.