გიორგი ალიბეგაშვილი - დავით ნარმანია ჩვენმა თანამოქალაქეებმა აირჩიეს და გადაწყვეტილებასაც მოსახლეობა მიიღებს

გიორგი ალიბეგაშვილი - დავით ნარმანია ჩვენმა თანამოქალაქეებმა აირჩიეს და გადაწყვეტილებასაც მოსახლეობა მიიღებს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი მიიჩნევს, რომ დავით ნარმანიას თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მოსახლეობის მიერ მისი ვადის გასვლის შემდეგ იქნება მიღებული. ამის შესახებ გიორგი ალიბეგაშვილმა ჟურნალისტებს საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების მიერ დედაქალაქის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. 

”ჩვენმა თანამოქალაქეებმა აირჩიეს ბატონი დავითი და ბუნებრივია, რომ გადაწყვეტილებას მიიღებს ვადის გასვლის შემდეგ ქალაქის მოსახლეობა.ყველა საკითხის პოლიტიზირება იწყება და მე ვისურვებდი, რომ უფრო საქმიან ჭრილში, საქმიან განწყობილებაზე გადავსულიყავით”, - განაცხადა ალიბეგაშვილმა. 

თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები დედაქალაქის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას იწყებენ.
როგორც „ინტერპრენსიუსს“ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - თბილისის“ თავმჯდომარე ირაკლი აბესაძემ განუცხადა, დავით ნარმანიასთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დასაწყებად საკრებულოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობის ანუ 24 დეპუტატის ხელმოწერაა საჭირო, ხოლო უშუალოდ უნდობლობის გამოცხადებისთვის - სრული შემადგენლობის 2/3-ის ანუ 34 დეპუტატის. 

ირაკლი აბესაძის განმარტებით, საჭირო ხელმოწერების შეგროვებას დღეიდან დაიწყებენ და როცა 24 დეპუტატის ხელმოწერა შეგროვდება, საკითხს მსვლელობა მიეცემა.