საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები დავით ნარმანიასთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას იწყებენ

საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები დავით ნარმანიასთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას იწყებენ

თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები დედაქალაქის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას იწყებენ.

როგორც „ინტერპრენსიუსს“ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - თბილისის“ თავმჯდომარე ირაკლი აბესაძემ განუცხადა, დავით ნარმანიასთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დასაწყებად საკრებულოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობის ანუ 24 დეპუტატის ხელმოწერაა საჭირო, ხოლო უშუალოდ უნდობლობის გამოცხადებისთვის - სრული შემადგენლობის 2/3-ის ანუ 34 დეპუტატის. 

ირაკლი აბესაძის განმარტებით, საჭირო ხელმოწერების შეგროვებას დღეიდან დაიწყებენ და როცა 24 დეპუტატის ხელმოწერა შეგროვდება, საკითხს მსვლელობა მიეცემა.

„თბილისის მერი აღმოჩნა ერთ-ერთი ყველაზე უპასუხისმგებლო თანამდებობის პირი, რომელსაც არაფერზე არ სურს პასუხისმგებლობის აღება. ადამიანი, რომელიც საერთოდ ვერ ამჩნევს იმ პრობლემებს, რომელიც ართულებს ცხოვრებას თბილისში, ადამიანი, რომელიც დამატებით მზად არის შეურაცხყოფა მიაყენოს თბილისელებს. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი რჩება - ბიძინა ივანიშვილის მორიგი წარუმატებელი ექსპერიმენტი, რომელიც მან თბილისელებზე ჩაატარა, ნელ-ნელა დასრულდეს. ან ნარმანიამ თავად მიიღოს გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება, რისი ნაკლები მოლოდინი მაქვს ან საკრებულოში ჩვენ ვიწყებთ თბილისის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას“, - აღნიშნა აბესაძემ.