გიორგი მარგველაშვილი - კონსტიტუცია არ არის მხოლოდ სამართლებრივი დოკუმენტი, ის თანამედროვე ქვეყანაში ადამიანს სახელმწიფოს მშენებლობის მთავარ ობიექტად ქმნის

გიორგი მარგველაშვილი - კონსტიტუცია არ არის მხოლოდ სამართლებრივი დოკუმენტი, ის თანამედროვე ქვეყანაში ადამიანს სახელმწიფოს მშენებლობის მთავარ ობიექტად ქმნის

თავისუფალი ადამიანების მიერ შექმნილი თავისუფალი საზოგადოება სწორედ კონსტიტუციის სულისკვეთებაში იკვეთება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომელიც კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით პროექტის „მე და კონსტიტუცია“ მონაწილეებს შეხვდა და დააჯილდოვა.

საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ყველა მოქალაქეს მიულოცა კონსტიტუციის დღე. მისი თქმით, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის. 

„21 წლის წინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი ქართული სახელმწიფოსთვის – კონსტიტუცია. დოკუმენტი, რომელიც განაპირობებს ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრების ძირითად პრინციპებსა და მიმართულებებს. კონსტიტუცია, ალბათ, არ არის მხოლოდ სამართლებრივი დოკუმენტი, იგი შესაძლოა, ბევრად უფრო მეტად არის ჩვენი საზოგადოების თანაცხოვრების, მშვიდობიანად განვითარების, მიზნების მიღწევის ძირითადი სახელმძღვანელო. ამ დოკუმენტის ირგვლივ ფუნქციონირებს სახელმწიფო ინსტიტუტები და არა მხოლოდ. ამ დოკუმენტში დაცულია ის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, რომელიც თანამედროვე სახელმწიფოში ადამიანს არა უბრალოდ სუბიექტად აქცევს სახელმწიფოს მშენებლობისა, არამედ ამ პროცესის მთავარ ობიექტად ქმნის. თავისუფალი ადამიანის მიერ შექმნილი თავისუფალი საზოგადოება სწორედ ამ დოკუმენტის სულისკვეთებაში იკვეთება“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, 25 წლის წინ საქართველომ მიაღწია დამოუკიდებლობას და ახლა ამ გზას თავისუფლების მიმართულებით ვავითარებთ. 

„სწორედ კონსტიტუციით, მისი პატივისცემით, ღრმა შესწავლით, ჩვენ ვადგავართ ამ გზას“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს და ორგანიზაცია „დემოკრატიის ლაბორატორიას“, რომელიც იყო ამ პროექტის ორგანიზატორი.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა ძალიან საინტერესოდ იმუშავეს.

მისივე თქმით, ერთ-ერთმა მოსწავლემ, ნიკა ენუქიძემ, ანდროიდისთვის შექმნა კონსტიტუციის აპლიკაცია, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც იყენებენ. 
ასევე პრეზიდენტის თქმით, 203-ე სკოლის მოსწავლეებმა შეიმუშავეს კონსტიტუციის ძირითადი ტერმინების ჟესტების ენით გადმოცემის სისტემა.

„ჩვენ გვქონდა ინიციატივა, რომ ეს დღე უქმედ გამოცხადდეს და ალბათ რაღაც კონკრეტულ მომენტში ჩვენ ამას მივაღწევთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის „მე და კონსტიტუცია“ მიზანს კონსტიტუციის პოპულარიზაცია და ქვეყნის უმაღლესი კანონის შესახებ ცოდნის გაღრმავება წარმოადგენდა. პროექტში ჩართული იყო საქართველოს 500-მდე საჯარო და კერძო სკოლა.