საქართველოს 7-8 სექტემბერს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა

საქართველოს 7-8 სექტემბერს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა

ჩრდილოატლანიკურ საბჭოს ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს 7-8 სექტემბერს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც ეწვევა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. 

მისივე თქმით, ეს არის ჩრდილოატლანიკური საბჭოს რიგით მეოთხე ვიზიტი საქართველოში, რაც არის ჩვენი ქვეყნისადმი უპრეცედენტო მხარდაჭერის და პარტნიორობის გამოხატულება.

„ამ ვიზიტის დროს შეფასდება საქართველოში განხორციელებული რეფორმები, როგორც თავდაცვისუნარიანობის ამაღლების სფეროში, ასევე დემოკრატიის მიმართულებით და ეკონომიკური განვითარების კუთხით, რომელიც შეადგენს ჩვენი სამოქმედო გეგმის შემადგენელ კომპონენტებს. ვიზიტის ფარგლებში ასევე განვიხილავთ იმპელემენტაციას იმ გადაწყვეტილებების, რომელიც ვარშავის სამიტზე მიიღეს. ვარშავის სამიტზე კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსირდა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის შეუქცევადობა, ასევე საქართველოს პროგრესი დემოკრატიული რეფორმების კუთხით, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით და ეკონომიკური განვითარების კუთხით. ასევე განისაზღვრა ნაბიჯები პრაქტიკული თანამშრომლობის, რათა საქართველოს თავდაცვისუნარიანობა კიდევ უფრო ამაღლდეს და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს“,- განაცხადა ჯანელიძემ.

როგორც მინისტრმა განმარტა, საქართველოს დღეს გააჩნია ყველა ის პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც საჭიროა ნატო-ში ინტეგრაციისთვის და წევრობისთვის.

„ჩვენ მაქსიმალურად ვიყენებთ ამ ინსტრუმენტებს და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში ვისაუბრებთ ამ ინსტრუმენტების შესახებ“, -აღნიშნა ჯანელიძემ.