საქართველოს სახალხო დამცველმა მთავარ პროკურორს მიმართა, მყისიერად დაიწყოს საგამოძიებო მოქმედებები ტერორიზმში ბრალდებული ბექა ბექაურის მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე დამნაშავე პირების გამოვლენის მიზნით.
როგორც უჩა ნანუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქმის სრულყოფილად შესასწავლად სახალხო დამცველის რწმუნებულები გუშინვე იმყოფებოდნენ ჰოსპიტალში, თუმცა ერთი საათის განმავლობაში რწმუნებულებმა ვერ შეძლეს ბრალდებულის მონახულება, რაც სამედიცნო დაწესებულების თანამშრომლებმა უსაფრთხოების სამსახურის მიერ ნებართვის გაუცემლობით ახსნეს.
ნანუაშვილის თქმით, გუშინ ახლად ნაოპერაციებმა ბრალდებულმა ფიზიკური სისუსტის გამო ვერ მოახერხა გასაუბრება მის წარმომადგენლებთან და ბექა ბექაურის მონახულება და გამოკითხვა მხოლოდ დღეს მოხერხდა.
”ჩვენ ასევე მოვიპოვეთ ჰოსპიტალიდან და თბილისის პირველი იზოლატორიდან ბექა ბექაურის სამედიცინო დოკუმენტაცია. ბრალდებულის განცხადებით, იგი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას დაკავების მომენტში. კერძოდ, შუბლის ძვალი ჩაუმტვრიეს კონდახით, რის გამოც დაკარგა გონება და არ ახსოვს, როდის გადაუმტვრიეს თითები. ამასთან, ბექა ბექაურის მტკიცებით, მისი დაკავება განხორციელდა 20 აგვისტოს, დაახლოებით 12:00 საათზე და მიუხედავად თავის ქალის ღია ჭრილობისა და მარცხენა მტევნის დაზიანებისა, დაახლოებით ღამის თერთმეტ საათამდე მას არანაირი სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს.
სამედიცინო დოკუმენტები ცხადყოფს, რომ ბექა ბექაური დაახლოებით 23 საათზე შეიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, თუმცა ის ვერ მიიღო იზოლატორმა არსებული მრავლობითი დაზიანებების გამო, როგორც ხდება ტრადიციულად.
მრავლობითი დაზიანების გამო ბრალდებული ორჯერ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც საბოლოო ჯამში ჩაუტარდა ქირურგიული მკურნალობა.
ამრიგად, შესაძლებელია სახეზე იყოს ბექა ბექაურის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტი სამართალდმცავი ორგანობის წარმამადგებლების მხრიდან. ამავდროულად, მრავლობითი დაზიანებების მიუხედავად, ბრალდებულს დაახლოებით 11 საათის განმავლობაში არ გაეწია არანაირი სამედიცინო დახმარება, რაც თავის მხრივ შესაძლოა დამატებით მიუთითებდეს მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე”, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.