ბექა ბექაურის ახლობლებისთვის უცნობია იყო თუ არა ტერაქტის ორგანიზებაში ბრალდებული ვაჰაბიზმის მიმდევარი. როგორც ბექა ბექაურის დეიდამ, მზიანა სუბელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ერთი წლის განმავლობაში ბექა ბექაურს ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია და არ ფლობენ ინფორმაციას, შეიცვალა თუ არა მან რელიგიური მიმდევრობა.
”არ ვიცი საერთოდ ვაჰაბიზმი რა არის. ერთი წელია საერთოდ არ მინახავს. მარტის შემდეგ მოკლე ტექსტური შეტყობინებაც არ მოუწერია. ის არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, მონათლულია და არ ვიცი, თუ შეიცვალა ახლა რელიგია. ამაზე წესით სასჯელი არ უნდა იყოს”, - განაცხადა სუბელიანმა. მისივე თქმით, ბექაურის მოქმედებებში საეჭვო არც მის ცოლს შეუნიშნავს.
რაც შეეხება დაკავებულის ცემის ფაქტს, როგორც მზიანა სუბელიანი განმარტავს, თავად ბრალდებული არ ადასტურებს, რომ ბრალდებული ჩვენების მიცემის მიზნით ცემეს.
”თვითონ ამბობს, რომ აყვანის პროცესში მცემა სპეცრაზმაო და არა ჩვენების მიცემის დროს. არავითარ გაქცევის მცდელობას ადგილი არ ქონია მისი მხრიდან, არ ვიცი ახლა ვის ვუჩივლო”, - განაცხადა სუბელიანმა.