უკრაინელი პოლიტოლოგი - საქართველოში აღკვეთილ ტერაქტში „უკრაინული კვალი“ შესაძლოა იყოს დეზინფორმაცია, რომელიც პრორუსულმა ჯგუფებმა გაავრცელეს

უკრაინელი პოლიტოლოგი - საქართველოში აღკვეთილ ტერაქტში „უკრაინული კვალი“ შესაძლოა იყოს დეზინფორმაცია, რომელიც პრორუსულმა ჯგუფებმა გაავრცელეს

„უკრაინული კვალი“ საქართველოში აღკვეთილ ტერაქტში შესაძლოა იყოს პრორუსული ჯგუფების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, - ასეთ მოსაზრებას „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში უკრაინელი პოლიტოლოგი დმიტრი შენგეროვსკი გამოთქვამს.

„უკრაინაში ამ სიტუაციაზე კომენტარები ჯერ არ გაკეთებულა და არც მედიაში დაიწერა რაიმე ინფორმაცია. მე ვიხრები იმისკენ, რომ „უკრაინული კვალი“ შესაძლოა იყოს დეზინფორმაცია, რომელიც საქართველოში პრორუსულმა ჯგუფებმა უკრაინის დისკრედიტაციის მიზნით გაავრცელეს. ანალოგიური სიტუაცია იყო, როცა მოსკოვმა ყირიმში „ტერორისტებზე“ განაცხადა, რაც არც ოფიციალურ კიევს და არც გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებს არ დაუდასტურებიათ. მსგავსი ინფორმაციების „შემოგდება“ ტერაქტების შესახებ ხდებოდა ყაზახეთშიც. წინასაარჩევნოდ კრემლი ცდილობს მეზობელ ქვეყნებში სიტუაცია მაქსიმალურად არიოს და ამით შიდაპოლიტიკური დივიდენდები მიიღოს“, - განაცხადა პოლიტოლოგმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს 5 მოქალაქე სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქებას ამზადებდა. 

ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე, დაკავებულები არიან: ბექა ბექაური, ვლადიმერ რუხაძე, მინდია ვაშაყმაძე, ჯაბა მელქაძე და ნური ჭკადუა. ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მამფორია, დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე კი საქართველოს - მოქალაქე ირაკლი ბაღიშვილი. 

ამ ეტაპზე ბრალდებულებიდან მხოლოდ ბექა ბექაური აღიარებს ბრალს.