ლევან იზორია - საზოგადოება ახლო მომავალში გაიგებს, საიდან იღებდნენ დავალებებს ტერაქტის საქმეში ბრალდებულები

ლევან იზორია - საზოგადოება ახლო მომავალში გაიგებს, საიდან იღებდნენ დავალებებს ტერაქტის საქმეში ბრალდებულები

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, საზოგადოება ახლო მომავალში გაიგებს, საიდან იღებდნენ დავალებებს ტერაქტის საქმეში ბრალდებულები. 
როგორც ლევან იზორიამ განაცხადა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებულ განცხადებაში საუბარია კონკრეტული გარემოებებითა და მტკიცებულებებით.

“როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკეთებს განცხადებას, რომ სერიოზული საფრთხის თავიდან აცილება ხდებოდა, ბუნებრივია, ამის აბსოლუტური ნდობა მაქვს. იმიტომ, რომ აქ კონკრეტული გარემოებებითა და მტკიცებულებებით არის საუბარი და არა ვარაუდის დონეზე. თუ რა კავშირებია და საიდან იღებდნენ დავალებებს, ამის შესახებ ახლო მომავალში გაიგებს საზოგადოება”, - განაცხადა ლევან იზორიამ. 

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, სუს-მა საქართველოში ტერორისტული აქტი აღკვეთა. 
როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს 5 მოქალაქე სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქებას ამზადებდა. როგორც სუს-ში განაცხადეს, ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთობლივად დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მ, დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე ირაკლი ბ. 

”გამოძიებით დადგენილია, რომ დასახელებული პირები ამზადებდნენ სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქებას.”, - განაცხადეს სუს-ში.

როგორც სუს-ში აღნიშნეს, საქართველოში ტერაქტის მომზადების საქმეზე დაკავებულთაგან ერთ-ერთი ხშირად ჩადიოდა უკრაინაში, თუმცა როგორც უწყებაში განმარტეს, ჯერჯერობით დაუდგენელია, იმართებოდა თუ არა ეს ჯგუფი ამ ქვეყნიდან. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 7-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.