უკრაინასთან ან ”ნაცმოძრაობასთან” კავშირის მიმართულება ჰაერზე განცხადებების იქით ვერ წავა

უკრაინასთან ან ”ნაცმოძრაობასთან” კავშირის მიმართულება ჰაერზე განცხადებების იქით ვერ წავა

”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე, მმართველი ძალის პოლიტიკოსებს მოუწოდებს, ტერაქტის მომზადების საქმეს არ მისცენ წინასწარ, მათთვის წინასაარჩევნოდ გამოსაყენებელი მიმართულება.

როგორც თარგამაძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, უხერხულია, როდესაც მიმდინარეობს აპელირება, რომ ტერაქტის ორგანიზების კვალი სწორედ მეგობარი ქვეყნიდან მოდის.

”სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ძალიან მწირი ინფორმაცია წარმოადგინა გუშინ. აქედან გამომდინარე, უშუალოდ ამ საკითხის კომენტირება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. თავისთავად, თუ რაიმე დანაშაული არის, მათი საქმეც სწორედ ესაა და უნდა გამოიძიონ ბოლომდე. რაც შეეხება მმართველი ძალის პოლიტიკოსების განცხადებებს, ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ისინი აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს, ვერ გააკეთებენ კომენტარებს და ვერ ჩაერევიან ამ პროცესში, თუმცა ამ შემთხვევაში პირველივე წუთიდან აკეთებენ მინიშნებებს უკრაინულ კვალზე და ა.შ. რაც თვალშისაცემია. ჯერ ერთი, უხერხულია ზოგადად მეგობარი ქვეყნის მიმართ აპელირება, როგორც ქვეყანაზე, რომ აქედანაა კვალი. ამ შემთხვევაში ორი ეჭვი ჩნდება - ან ეს არის კონკრეტული სიტუაცია, რომლის პოლიტიკური მიზნებით, წინასაარჩევნოდ გამოყენებას ცდილობენ ან მათივე ინსინუაციაა თავიდან ბოლომდე და ასე ვთქვათ, თავიდანვე ამიტომ ჰქონდათ გამზადებული ეს კომენტარები”, - განაცხადა თარგამაძემ და ამ კონტექსტში ”ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ გაკთებული მსგავსი განცხადებებიც გაიხსენა, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებას და ე.წ. საბურავებს ეხებოდა.

”ჩვენ, ბუნებრივია, გვახსოვს ე.წ. საბურავების საქმე, რომელიც გამოძიებაში დარჩა, შემდეგ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმე, რომელიც ასევე გამოძიებაში დარჩა და არანაირი პასუხები ჩვენ, საბოლოო ჯამში, არ მიგვიღია. ამიტომ არ გამიკვირდება, რომ ესეც ამ რიგის საქმე იყოს. მეორეს მხრივ, ფაქტია, რომ ერთი ერთში ჰგავს ეს ყველაფერი ცოტა ხნის წინ ყირიმში განხორციელებულ რუსულ ინსინუაციას”, - აღნიშნა ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა.

როგორც გივი თარგამაძემ განმარტა, ამ საქმესთან არც უკრაინაში მყოფ პირებს და არც ”ნაციონალურ მოძრაობას” კავშირი არ აქვს.

”საჭიროა მმართველი ძალის პოლიტიკოსები არ აძლევდნენ ამ პროცესს მათთვის წინასაარჩევნოდ გამოსაყენებელ მიმართულებას წინასწარ. ბუნებრივია, სრულიად გამორიცხულია ყოველგვარი შემხებლობა, იგივე უკრაინაში მყოფი ჩვენი მეგობრების ან ”ნაციონალური მოძრაობის” რაიმე მსგავს პროცესთან. საზოგადოებას შეუძლია ეს სრულიად გამორიცხოს და ჰაერზე განცხადებების იქით ეს მიმართულება ვერ წავა”, - განაცხადა თარგამაძემ.