ანგელა მერკელმა რუსეთი ცინიზმში დაადანაშაულა

ანგელა მერკელმა რუსეთი ცინიზმში დაადანაშაულა

ერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთი ცინიზმში დაადანაშაულა. შესაბამისი განცხადება კანცლერმა გამოცემა Passauer Neue Presse-ვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. კერძოდ, მერკელმა გააკრიტიკა რუსეთისა და სირიის პრეზიდენტების ინიციატივა, რომლის თანახმად სირიის ქალაქ ალეპოში ჰუმანიტარული დახმარების ჩასატანად საბრძოლო მოქმედებები ყოველდღე სამი საათით შეწყდება.

„ადამიანების ტანჯვის მასშტაბის გათვალისწინებით, ეს ცინიზმია. ყველა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია ამბობს, რომ დახმარების ჩასატანად ეს დრო საკმარისი არ არის. საჭიროა სულ მცირე 48-საათიანი ყოველკვირეული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, როგორც ამას გაერო მოითხოვს“, - განაცხადა მერკელმა. 

უკვე ოთხი წელიწადია სირიის ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქი ალეპო ორ ნაწილადაა გაყოფილი. ქალაქის იმ რაიონებში, რომლებსაც სირიელი აჯანყებულები აკონტროლებენ, 250 000 ადამიანი ცხოვრობს.

საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების ცნობით, აღნიშნულ რაიონებში უმძიმესი ჰუმანიტარული სიტუაციაა შექმნილი.