ეს უპატიოსნოდ ჩატარებული გამოკვლევაა, რომლის თანახმად, ”ნაცმოძრაობა” ალბათ გაიმარჯვებს, მიშა ჩამოვა და საქართველო გაბრწყინდება

ეს უპატიოსნოდ ჩატარებული გამოკვლევაა, რომლის თანახმად, ”ნაცმოძრაობა” ალბათ გაიმარჯვებს, მიშა ჩამოვა და საქართველო გაბრწყინდება

”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის დაკვეთით GFK-ის მიერ ჩატარებულ კვლევას არასერიოზულს უწოდებს. როგორც ლევან ბერძენიშვილმა ”ინტერპრესნიუსს” კვლევის შეფასებისას განუცხადა, იმდენად ნათელია რა მიზანს ემსახურება ეს კვლევა, რომ განხილვის ღირსი არ არის.

”ეს უპატიოსნოდ ჩატარებული გამოკვლევაა, რომლის მიხედვით ”ნაციონალური მოძრაობა” ალბათ გაიმარჯვებს საქართველოში, მიშა ჩამოვა კიევიდან და საქართველო გაბრწყინდება. არასერიოზულია, ძალიან თეთრი ძაფით ნაკერია. აბსოლუტურად არც ერთ პუნქტს არ ვენდობი - არც ”ნაციონალებისას”, არც ”ქართული ოცნებისას”, არც რომელიმე სხვა პარტიის. მე მგონი კვლევას არც ატარებენ, უბრალოდ ქაღალდზე წერენ, რაც უნდათ.

”რუსთავი 2 ” არის ”ნაციონალური მოძრაობის” ტელევიზია და ემსახურება მას. გულისამრევია ამის ყურება, უფრო ნიჭიერად უნდა გააკეთონ ასეთი რაღაც.

ასეთი ტიპის კვლევები მეც შემიძლია დავდო, თქვენც შეგიძლიათ დადოთ, პრობლემა არ არის. მთავარია არ დაითვალოს არავინ არაფერი”, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

გერმანულმა კომპანია GFK-მ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის დაკვეთით მორიგი სოციოლოგიური კვლევის შედეგები წარმოადგინა.

კითხვაზე: თუ ჩავთვლით, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობთ, რომელ პარტიას მიცემდით ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა:

”ქართული ოცნება”- 25.8%; ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”- 25.5%; ”სახელმწიფო ხალხისთვის - პაატა ბურჭულაძე”- 6.9%; ”ლეიბორისტული პარტია” - 3.7%; ”თავისუფალი დემოკრატები - ირაკლი ალასანია”- 2.9%; ”პატრიოტთა ალიანსი - ირმა ინაშვილი”- 1.6%; ”ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა” - 1.4%; ”რესპუბლიკური პარტია” - 0.5%; ”პოლიტიკური ცენტრი გირჩი”- 0.4%; ”ახალი საქართველო - გიორგი ვაშაძე” - 0.4%;

არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას გამოკითხულთა 3.0%; ჩატარებული გამოკითხვისას პასუხზე უარი განაცხადა 7.7%-მა; კატეგორია „მიჭირს პასუხის გაცემა/ჯერ არ გადამიწყვეტია“ აირჩია 19.0%-მა;

კვლევა 2-18 აგვისტოს ჩატარდა და პირდაპირი ინტერვიუს წესით მთელი საქართველოს მასშტაბით 2200 ადამიანი გამოიკითხა.

გამოკითხვის შედეგებს კვლევის დამკვეთი - ტელეკომპანია „რუსთავი 2“ აქვეყნებს. ამავე არხის ინფორმაციით, გერმანულ-ამერიკული კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის ცდომილების ზღვარი 2.1%-ია.