„გარემოს დაცვის მინისტრმა ცოტა ხნით დოლზე დაკვრას თავი დაანებოს“

„გარემოს დაცვის მინისტრმა ცოტა ხნით დოლზე დაკვრას თავი დაანებოს“

„ეკოლოგიური სამართლის ცენტრი“ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნისაგან ფილტრების დაყენებას ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ქარხანამ,  რომლის ამჟამინდელი მფლობელიც „ჯორჯიან მანგანუმ ლიმითედია“  გარემოში მავნე ნივთიერებების ერთჯერადად, დიდი ოდენობით გაფრქვევა აპრილის თვეში რამდენჯერმე განახორციელა, რითაც სერიოზული ზიანი მიაყენა გარემოს და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას.

„ჩვენ გვაქვს საწარმოს მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის ამსახველი  მტკიცებულებები, რომელსაც  გადავუგზავნით გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინიტროების შესაბამის სამსახურებს, რათა მათ კანონის სრული სიმკაცრით პასუხი მოსთხოვონ საწარმოს ადმინისტრაციას. ჩვენთვის გახდა ცნობილი, ქარხნის ხელმძღვანელობის მიერ შემოტანილია მაროკოს მადანი, რომელსაც არ გააჩნია სერთიფიკატი, არის ტყვიის შემცველი და მომწამვლელი. ქარხანაში მომუშავე პერსონალიდან შევიტყვეთ, რომ საღამოობით გაზგამწმენდები ითიშება და გარემოში იფრქვევა მავნე ნივთიერებები.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ზესტაფონი წლებია არის ეკოლოგიური კატასტროფის ზონა, ვინაიდან ქალაქში გავრცელებულია სიმსივნური დაავადებები, რაც პირდაპირ კავშირშია საწარმოს მიერ უსაფრთხოების წესების დარღვევასთან და გარემოსათვის მიყენებულ ზიანთან. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ონკოლოგიურ დაავადებათა სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, 2007 წელს დაფიქსირდა ონკოლოგიური დაავადებების 982 შემთხვევა, 2008 წელს - 1023, 2009 წელს - 1067, 2010 წელს - 1125, 2011 წელს - 1133.

„ეკოლოგიური სამართლის ცენტრი“ არ ეწინააღმდეგება ქარხნის ფუნქციონირებას და არც მის დახურვას მოითხოვს. ჩვენი მოთხოვნაა, აირსაწინააღმდეგო მოწყობილობების (ფილტრების) დამონტაჟება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სერიოზული საფრთხე ემუქრება. თუკი უახლოეს ხანში საწარმოს ხელმძღვანელობა არ განახორციელებს აირსაწინააღმდეგო ფილტრების დაყენებას, „ეკოლოგიური სამართლის ცენტრი“ იტოვებს უფლებას, სასამართლოს მიმართოს სარჩელით ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის წინააღმდეგ“, - განაცხადა ცენტრის იურისტმა ნიკოლოზ მჟავანაძე.

ამ თემაზე მწვანეთა პარტიის ლიდერ გიორგი გაჩეჩილაძეს ვესაუბრებით.

ვინ არის პირველ რიგში პასუხისმგებელი იმ ვითარებაზე, რაც ზესტაფონის რაიონშია შექმნილი?

გიორგი გაჩეჩილაძე: მოგეხსენებათ, გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქცია წაართეს და ამ მდგომარეობაზე ფორმალურად პასუხისმგებელია. ახლა მათ არც რეალური დანიშნულება და არც არაფერი გააჩნიათ. პენსიასავით ხელფასს იღებენ. თითქმის ყველა ფუნქცია ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში გადავიდა.

მაგრამ გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგის უფლება დარჩა, მთელი ლაბორატორიები აქვთ საამისოდ. ასეთი აჟიოტაჟის პირობებში, წესით ზესტაფონში ტოქსიკური ნივთიერებების კონცენტრაცია ჰაერში გაზომილი უნდა იყოს. გარემოს დაცვის მინისტრმა ცოტა ხნით დოლზე დაკვრას თავი დაანებოს და გამოაქვეყნოს ოფიციალური მასალები, დასაშვებ კონცენტრაციებს რამდენად აღემატება ის შხამები, რასაც ზესტაფონის ფერო უშვებს. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, გარემოს დაცვის სამინისტრო პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

თუმცა, ჯანდაცვის უწყებაც ასე გაჩუმებული არ უნდა იყოს და მხოლოდ პიარით არ უნდა დაკავდეს. ჯანმრთელობის დაცვა მარტო შეხვედრებს არ ნიშნავს, ეს პირველ რიგში მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. იქ რომ ონკოლოგიური, კანის და ფილტვის სხვადასხვა დაავადებები გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, ამას სწორედ ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა მიხედოს. ჩავიდნენ და პიარაქციები ზესტაფონში მოაწყონ.

ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე უშუალოდ მწარმოებლის პასუხისმგებლობის ზღვარი სად გადის?

– ჩვენ ვაპროტესტებთ ცვლილებებს, რომლებიც გარემოს დაცვის კანონმდებლობაში შეიტანეს. თუ ფულს გადაიხდის, ადამიანს უფლება აქვს შხამი ჰაერშიც გაუშვას, მიწაშიც ჩაუშვას, ნიადაგი გაანადგუროს, ტყეს ხანძარი გაუჩინოს და ა.შ. ფული გადაიხადე და რაც გინდა ის აკეთე, ასეთია მათი ლოგიკა.

ახლა, ზესტაფონის ფეროს დირექცია წავა, ენერგეტიკის სამინისტროსთან გააფორმებს, ფულს გადაიხდის და მერე სამინისტრო ეტყვის – შენ დამნაშავე არ ხარო. ამ დროს, ხალხი რომ ავადაა და კატასტროფულ მდგომარებაში იმყოფება, ეს ვითომ არაფერი. მთავარია, ენერგეტიკის სამინისტრომ ამაში ფული გააკეთოს. აი ეს არის ახალი კანონმდებლობა, ხომ წარმოგიდგენიათ რაზე მიდის საუბარი?

თავად რაიონის მოსახლეობის, დაზარალებულების მხრიდან პროტესტს თუ მოჰყვება სასურველი შედეგები?

– 30–სთვის დიდი აქცია ჰქონდა დაგეგმილი მოსახლეობას და იქ ჩასვლას ჩვენც ვაპირებდით. ეკოლოგიური სამართლის ცენტრის იურისტები სამართლებრივადაც ამაზე მუშაობას დაიწყებდნენ. მაგრამ იქ ადგილზე ერთი წივილ–კივილი ატყდა. მოკლედ, ჩაერია გამგეობა. ფეროს დირექციამ კი განაცხადა, ათამდე გვაცალეთ ბატონო და ყველაფერს მოვაგვარებთო. 

თუმცა, ჟურნალისტი გვარად ფერაძე, რომელმაც ამ საშინელებაზე, ზესტაფონის ფეროდან შხამების ღამეულ ზალპურ გამოტყორცნაზე ვიდეომასალა გადმოაგზავნა,  ტელევიზიაში სამსახურიდან გაანთავისუფლეს. უთხრეს, ძმაო, რაებს აკეთებო; შენ ხომ არ გგონია, რომ აქ მართლა ჟურნალისტი ხარ და ჩვენ კი ტელევიზია ვართო; აბა რა ვართო და არა, ჩვენ ნაციონალური მოძრაობის ზესტაფონის ფილიალი ვართო. აი ასე გამოაგდეს იქიდან. დღესდღეობით ეს ვითარებაა და დაველოდოთ 10 მაისს.