ხელოვნური განაყოფიერება და ტრანსპლანტაცია თურქულ-აზერბაიჯანულად (VIDEO)

ხელოვნური განაყოფიერება და ტრანსპლანტაცია თურქულ-აზერბაიჯანულად (VIDEO)

იმაზე, თუ რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ ბათუმში, საეჭვო რეპუტაციის სასტუმროში თურქების მიერ ახლადგახსნილ ხელოვნური განაყოფიერების ცენტრსა და აზერბაიჯანელი ექიმებით დაკომპლექტებულ ტრანსპლანტაციის ცენტრს (რომლის აშენება თბილისის მერმა დაანონსა), presage.tv შეხვდა და ესაუბრა არასამთავრობო ორგანიზაცია “გვახსოვდეს ჰიპოკრატეს“ თავმჯდომარეს მარინა ბერაძეს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, აეროპორტის გზაზე, სასტუმროში “გენაცვალე“ თურქებმა 7 აპრილს, ხარება დღეს ხელოვნური განაყოფიერების ცენტრი საზეიმოდ გახსნეს. ამ ღონისძიებაში (რომელიც აჭარის ტელევიზიამ და “ტვ25“-მა გააშუქა) აჭარის ა/რ. მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე და მისი მინისტრები მონაწილეობდნენ. ვარშალომიძე გახარებულია იმით, რომ ამ კლინიკას დღეში უკვე 6-8 პაციენტი ჰყავს; მათ შორის ფოთიდან, ზუგდიდიდან და თურქეთიდან. მასალის ბოლოს განთავსებულ ვიდეოსიუჟეტში, რომელიც “ტვ25“-ის ეთერში 7 აპრილს გავიდა, გახარებული ვარშალომიძის კომენტარის მოსმენა და ყურება თავად შეგიძლიათ. 

რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ ბათუმის ხელოვნური განაყოფიერების ცენტრსა და ტრანსპლანტაციის აზერბაიჯანელი მედპერსონალით დაკომპლექტებულ ცენტრს, რომელიც გიგი უგულავას განმარტებით თბილისში გაიხსნება?

მარინა ბერაძე: ჩვენს ქვეყანაში ამ ეტაპისთვის, როგორც ტრანსპლანტაცია, ასევე  დონაცია-სუროგაცია კანონმდებლობით ბოლომდე დარეგულირებული არ არის. თქვენს მიერ დასახელებულ ორივე შემთხვევაში მთავარი მოთამაშეები თურქები არიან, იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანს ტრანსპლანტოლოგები არ ჰყავს  და არც ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა გააჩნიათ, დიდწილად სავარაუდოდ, ტრანსპლანტაციის ცენტრშიც თურქი მედპერსონალი იქნება. ამგვარი ვარაუდის საფუძველს იძლევა ორგანოებით ვაჭრობის შავ ბიზნესში თურქების აქტიური როლი, მთელს მსოფლიოში. ამ პროცესებში ჩვენი ქვეყნის ჩათრევის საშიშროება არსებობს. ასეთია, ყველა წამყვანი სპეციალისტის აზრი.

სანამ კანონი არ დაარეგულირებს საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამედიცინო საქმიანობას, მანამდე ჩვენ არ ვართ დაზღვეული, რომ ჩვენი შეჭირვებული მოქალაქეები არ იქნებიან ჩათრეული ორგანოებით ვაჭრობის შავ ბიზნესში და მეორის მხრივ, ადგილი არ ექნება ტრეფიკინგს, რაც აგრეთვე დიდი უბედურებაა, ჩვენისთანა პატარა ერისთვის.

ოპონენტებმა ზემოხსენებული დარგების განვითარების მოწინააღმდეგედ შეიძლება ჩაგთვალონ.

-ამ დარგების განვითარების წინააღმდეგი, არც მე ვარ და არც ის სპეციალისტები, რომლებსაც ანალოგიური პოზიცია აქვთ, მაგრამ უპირველესად სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა უნდა შეიქმნას, რაც საფრთხეებს აგვაცილებს. თან, საქართველოში საუკეთესო სპეციალისტები გვყავს, რომელთა ნაწილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არიან მიწვეულები და საინტერესოა, თურქებს რატომ ვუხსნით კარს ასე ფართოდ?!

სუროგატობა დალხენილი ადამიანის ხვედრი  არ არის და თუ ეს კანონმა არ დაარეგულირა,  ძნელი გასარჩევი იქნება, ეს ნებაყოფლობითია, თუ იძულებითი.  ეს მოსაზრება და ზემოთ წარმოთქმული საფუძვლიანი ვარაუდები  შესაძლო გართულებების პრევენციას ემსახურება. ამიტომ, ვიმედოვნებთ, რომ ჯანდაცვის მესვეურები ამ საფრთხეებს გაითვალისწინებენ. ახალი მინისტრი იმედის საფუძველს იძლევა.

კანონით დასაშვებია თუ არა სასტუმროში ხელოვნური განაყოფიერების ცენტრის გახსნა?

-დაუშვებელია ხელოვნური განაყოფიერების ცენტრის სასტუმროში (მით უმეტეს საეჭვო რეპუტაციის) გახსნა, მაგრამ პრობლემა ისევ კანონის დაუხვეწაობაშია - მასში პირდაპირ არ არის მითითებული, რომ ეს აკრძალულია. როგორ შეიძლება მედიცინის ასეთი დარგი იყოს სასტუმროში?! მაშინ, როცა ჯანდაცვის ეს სფერო ბიზნესის კუთხით საკმაოდ მომგებიანად ითვლება. მაშინ როდესაც მთელი აქცენტი სამედიცინო მომსახურების ხარისხზე გვაქვს გადატანილი, როგორ შეიძლება  მარტივად შევხედოთ სასტუმროში გახსნილ ხელოვნური განაყოფიერების ცენტრს?!

ცნობილია ჩვენგან უცხოეთში წასულ ექიმებს როგორი ბარიების გადალახვა, რამდენი გამოცდის ჩაბარება უწევთ, რათა დაამტკიცონ, რომ ისინი პროფესიონალი ექიმები არიან, რომლებიც იმ ქვეყნის ლიცენზიით და სერტიფიკატით სარგებლობის უფლებას იმსახურებენ. ამის დამტკიცებას ათეული წელი სჭირდება, ეს ურთულესი გზაა. ამასთან, თვითონ თურქეთში უცხოელი სპეციალისტისთვის სამედიცინო საქმიანობის წარმოება პრაქტიკულად შეუძლებელია. კანონში პირდაპირ არ უწერიათ, რომ უცხოელ ექიმს არ იღებენ, მაგრამ ისეთ ბარიერებს ქმნიან, რომლის გადალახვა უცხოელისთვის შეუძლებელია.

დაახლოებით 15 წლის წინ თურქები მედიცინის სფეროში ძალიან ჩამორჩენილები იყვნენ. მათ ძალიან მკვეთრი პროგრესი განიცადეს და იცით როგორ?! თავიანთი სპეციალისტები უცხოეთში გაგზავნეს და კვალიფიკაციის ამაღლება უკან დაბრუნებულების ხარჯზე მოხდა. ქვეყანა თუ ფიქრობს თავის ხალხზე და იმაზე, რომ მედიცინის სფერო განვითარებული ჰქონდეს, სწორედ ასე უნდა მოიქცეს. ჩვენთან ყველა დარგის სპეციალისტები არიან, 36 000 სერტიფიცირებული ექიმია, იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ გვჭირდება, მაგრამ უცხოელ სპეციალისტებს კარს მაინც ფართოდ ვუღებთ და თან ეს საეჭვო ვითარებაში ხდება.

იმის ნიშნები ჩანს, რომ მათი მხრიდან ეს არის კომერციული ინტერესი და არა დახმარება სამედიცინო კუთხით, რადგან ჩვენ თურქების დახმარება არ გვჭირდება, ამ დარგში რეგიონში ერთ-ერთი მოწინავეები ვიყავით, ყველა ინოვაციის დანერგვით,  ოპერაციები წარმატებით კეთდებოდა და კეთდება.

რა არის თქვენთვის ცნობილი ტრანსპლანტაციის ცენტრის ირგვლივ, რომელიც თბილისში უნდა გაიხსნას?

-1 წლის წინ თბილისის მერმა გიგი უგულავამ ტელევიზიით ბრძანა, რომ თბილისის შემოსასვლელში, აღმაშენებლის ხეივანში 200-საწოლიანი ტრანსპლანტაციის ცენტრი გაიხსნება, რომელიც დაკომპლექტდება აზერბაიჯანელი მედპერსონალით, იქნება მთელი რეგიონის ცენტრი და რომ ეს ჩვენ ძალიან უნდა გვახარებდეს, მაგრამ სასიხარულო აქ არაფერია. ესაა საეჭვო ინიციატივა, რადგან ამგვარ ცენტრში აზერბაიჯანელი ექიმების მუშაობა არარეალურია, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ტრანსპლანტალოგები არ ჰყავთ და არც ტრანპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა გააჩნიათ.  

ჩემი ეჭვი და შეშფოთება, რომ უსაფუძვლო არ არის, ამას ისიც ადასტურებს, რომ დაახლოებით თვენახევრის წინ აზერბაიჯანში ძალიან ბევრი ექიმი დაიჭირეს, რომლებიც ბაქოს უნივერსიტეტში ტრანსპლანტაციის ოპერაციას უკანონოდ აკეთებდნენ და მათთან ერთად თურქი ექიმებიც იყვნენ. ამაზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა.

რომელი ქვეყნებია ჩართული ორგანოებით ვაჭრობაში?

-ამ შავ ბიზნესში 200-მდე ქვეყანაა ჩართული. ნარკოტიკებით და იარაღით ვაჭრობის შემდეგ ორგანოებით ვაჭრობა პირველ ადგილზეა, რასაც ბროკერების მონაწილეობით ე.წ. ტრანსპლანტტურიზმი ახლავს და ამ საქმიანობაში ყველაზე მეტად თურქები არიან შემჩნეულები; ამ თვალსაზრისით ისინი ძალიან დიდ საშიშროებას წარმოადგენენ, ეს ბიზნესი მსოფლიოში ძალიან მომძლავრებულია, რადგან მომგებიანია.

სავარაუდოდ როგორ შეიძლება მოხდეს ამ შავ-ბნელ საქმეში ჩვენი ქვეყნის ჩართვა?

-ტრანსპლანტაცია არის ორგანოების გადანერგვა, რომელიც ადამიანს ბევრ პრობლემას უხსნის, უამრავ მოურჩენელ დაავადებას თავიდან აცილებს. არსებობენ დონორები და რეციპიენტები. დონორი ორგანოს გასცემს, ხოლო რეციპიენტი ღებულობს. ლიცენზირებულ დაწესებულებაში ეს სრული წესის დაცვით ხდება და ფული არ ფიგურირებს,  ორგანოების გაყიდვა აკრძალულია, მაგრამ თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ - უცხოელები აქ ამხელა ხარჯს საქველმოქმედო საქმიანობისთვის გაწევენ?! თავიანთთვის ხომ ფიქრობენ, ეს ხომ ბიზნესია?! თან აზერბაიჯანელებს, როგორც გითხარით, ტრანსპლანტალოგები არ ჰყავთ. დიდწილად სავარაუდოა, რომ ამ კლინიკაში თურქები იმუშავებენ.

დონორისა და რეციპიენტის გარდა შავ ბიზნესში, როგორც აღვნიშნე, ჩართული არიან ბროკერები, რომლებიც შავ ფულს ატრიალებენ. ისინი რეციპიენტებისთვის (მდიდარი ადამიანებისთვის) დონორებს განვითარებად ქვეყნებში შოულობენ და ამის მაგალითი ძალიან ბევრი ქვეყანაა, მაგალითად აფრიკის ქვეყნები.

სატელვიზიო გადაცემებში ხშირად აჩვენებენ ჩამწკრივებულ ადამიანებს, რომელთაც ერთ მხარეს, ერთი მიმართულებით გადანერგილი ორგანოების ნაჭრილობევი ეტყობათ. ერთი ორგანოს ფასი 10 000 დოლარიდან იწყება და ზევით იწევს.

ჩვენ საფრთხის წინაშე ვდაგავართ. აქ მცხოვრებ ადამიანთა დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია, რაზეც მეტყველებს ის, რომ მილიონ 800 ათასი უმწოეთა ბაზაშია გაერთიანებული. არსებული სოციალური მდგომარეობით რეალურია, რომ ჩვენ გავხდებით ან შავი ბიზნესის კეთების ადგილი, ან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გახდება ორგანოების დონორი. როდესაც ადამიანს სახლ-კარი არა აქვს, როდესაც ვერ იხდის მკურნალობის საფასურს, თუ მისი ოჯახის წევრი გასაჭირშია,  ის ხომ იძულებული გახდება ორგანო გაყიდოს?! ამით კი გადამთიელები იხეირებენ. ეს იქნება ძალიან სამწუხარო.