ჩემი უფროსი კოლეგა, ბატონი ნოდარი ნამდვილი თბილისელი გახლავთ. ამ ქალაქისათვის დამახასიათებელი ტრადიციები და სხვადასხვა ეროვნებებს შორის არსებული ურთიერთობები მისთვის უცხო არ არის. ბატონ ნოდარს რამდენიმე დღის წინ წარსულის გასახსენებლად ვეწვიე და თავდაპირველად თბილისური იტალიური ეზოს ფენომენით დავინტერესდი.
- ხშირად გამიგია, წინათ თბილისში ერთ იტალიურ ეზოში ათამდე ეროვნების მეზობლები ვცხოვრობდით და ერთმანეთს სულში ვიძვრენდითო. წინათაც თბილისში ვცხოვრობდი და ახლაც, და ასეთი რამ არ შემიმჩნევია, თუმცა ამხანაგებში სომხებიც მერივნენ, ებრაელებიც და რუსებიც. ნურავინ დაიკვეხნის, კაცს ეროვნების მიხედვით არ ვასხვავებო. გინდა თუ არა, ძვალსა და რბილში გაქვს გამჯდარი შენი ეროვნულობა, სხვა საქმეა, რომ არ იმჩნევ.
ბატონმა ნოდარმა თბილისში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებთან დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო ისტორია გაიხსენა. ერთი თხოვნაც გადმომცა - თუ ამ ამბებს დღის სინათლეზე გამოიტან ჩემი ნამდვილი ვინაობა არ ახსენოო. თავის დროზე ცნობილ ჟურნალისტს ამ თხოვნას ვუსრულებ და მკითხველებს ბატონი ნოდარის სახელით წარვუდგენ. საკუთარი ვინაობის დამალვა კი იმ ფაქტმა გადააწყვეტინა, რომ “ინტერნაციონალური” ავტორიტეტის მიუხედავად, თბილისში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნებების წარმომადგენლებს ერთმანეთთან იდეალური ურთიერთობა ნამდვილად არ ჰქონიათ.
ბავშვობა და მეზობელი ლოვა არაქელოვი
გაგიკვირდებათ და ერთი პიროვნება გუშინდელი დღესავით მახსოვს. მამაჩემის უახლოესი ფრონტელი მეგობარი, ოპერის მომღერალი ლოვა არაქელოვი, სომეხი იყო და ერთი ხანობა სქელი მინის ჩარჩოში ჩასმული მისი სურათი კამოდის თავზეც კი გვედგა. ამავე დროს, როდესაც ჩვენი “დინამო” ერევნის გუნდს ეთამაშებოდა, დილიდან იწყებდა ისეთ სამზადისს, გეგონებოდა, ომში მიდისო. ექვს საათზე უკვე ჰანტელები ეჭირა ხელში და ისე ხვნეშოდა, იფიქრებდი, ცემენტის ტომრებს ეზიდებაო. მერე, ჯერ ერთი ჰანტელი დაუვარდებოდა იატაკზე, მერე – მეორე, და ეს ხნეშა და ბრახა-ბრუხი იმის ნიშანი იყო, რომ მე და ჩემი ძმაც უნდა წამოვმხტარიყავით ფეხზე. ალბათ მიხვდით, ბატონმა ლოვამ “არარატის” განსაკუთრებული “სიყვარულით” და საკუთარი ჰანტელებით ჩემს მეხსიერებაში სამუდამო ადგილი დაიკავა.
“დინამო” – “არარატის” დაპირისპირება
- რაც შეეხება “დინამო” -“არარატს”, ამ აჟიოტაჟს ჩემს მაგალითზე აგიწერთ. სტადიონზე მეგობართან, მამამისთან და მის ძმასთან ერთად მივდიოდი. მეგობრის მამა რატომღაც “დინამოს” ბომბარდირს, კალოევს ვერ იტანდა. არ ვიცი იმიტომ რომ ოსი იყო, თუ იმიტომ, რომ მისი საფიცარი მიშა მესხის ჩაწოდებული ბურთები “მუქთად” გაჰქონდა. უშუალოდ ჩვენი ადგილების გვერდით, ქვის კიბეზე ისხდნენ კალოევის პლეხანოველი ძმის – ლეოს მეგობრები, რომლებსაც უბილეთოდ უშვებდნენ და უბატონოდ ხმას ვერავინ სცემდა. ბალერინა – ჯანდაბას, მაგრამ სულ იმის შიშში ვიყავით კალოევი არ შეეკურთხებინა – მაშინ უსიამოვნება არ აგვცდებოდა.
დაიწყებოდა თუ არა თამაში, საკმარისი იყო მოედნის ცენტრში ვინმეს მხარი გაეკრა მიშა მესხისათვის, რომ მეგობრის მამა უკვე ფეხზე იყო წამომხტარი “პენალ-პენალის” ყვირილით, ხოლო რაკი მსაჯი 11-მეტრიანს არ ნიშნავდა, მეორე იარუსიდან მოედანზე მიაწვდენდა ხმას – “სუდია-დაშნაკცუცუნ!”. ბევრჯერ გაგვიშველებია, უფრო მეტჯერ კი ჩვენც მიგვიღია მონაწილეობა დანარჩენ ათობით მაყურებელთან ერთად ლოკალური ეთნოსშორისი კონფლიქტის არაპოლიტიკურ გადაწყვეტაში, ჰაოსიანთა და ქართველოსიანთა შორის რომ ატყდებოდა ხოლმე ერთ-ერთი ცენტრალური გაზეთის (მეგობრის მამა იქ მუშაობდა) ჩხუბისთავა პარტკომის გამოისობით. არადა, ამ რუსული გაზეთის რედაქციაში, სადაც ქართველებთან ერთად სომხები, ებრაელები და ოსები მუშაობდნენ, გადაყოლილი იყო თავის არაქართველ თანამშრომლებზე, სულში იძვრენდა და ხშირად პატიჟებდა სახლში. მიდი და გაიგე რამე!
ებრაელი ნოდარი
- გაგონილი მქონდა, რომ ებრაელები ქრისტიანების სისხლს უშვრებოდნენ მაცაში. თუ მართალი გინდათ, მოზრდილთა უმრავლესობას დღესაც ასე ჰგონია, ოღონდ დელიკატურად არ იმჩნევენ და თავი მოაქვთ, ქართველები ერთადერთი ერი ვართ, ვინც ებრაელებს არ არბევდაო. თითქოს, ებრაელები იმისთვის ყოფილან გაჩენილი, რომ არბიო და აწიოკო. ჩვენ თურმე ისე კარგები ვართ, რომ ამისაგან ყოველთვის თავს ვიკავებდით.
ებრაელებს შორის არაერთი ახლობელი მყავდა. მათ შორის განსაკუთრებით ნოდარი მახსენდება, იშვიათი გულის ბიჭი. როდესაც დაბადების დღეზე დავადგებოდით ხოლმე 5-6 კაცი ერთად, ფანჯარასთან გველოდებოდა წინასწარ გამზადებული საჩუქრით – პერგამენტის ქაღალდში ლამაზად გახვეული ბროლის ვაზით ან ტრადიციული “ბანბანერკით” და შამპანურებით, და იქიდან გადმოგვაწვდიდა, მერე კი კიბეზე ჩამოირბენდა და კართან დაგვხვდებოდა, რათა თავისიანებისთვის ეჩვენებინა, როგორი ხელგაშლილი და ყურადღებიანი ამხანაგები ჰყავდა. “რად გინდოდათ, რაზე წუხდებოდითო”, გვეტყოდა ხოლმე მამამისის გასაგონად. ამავე დროს, როდესაც ნოდარის უმცროსი და ქართველზე გათხოვდა, ორივე მხარე – ებრაელობაც და ქართველობაც თავს იკლავდა და სანამ ერთმანეთს არ დააცილეს, ვერ მოისვენეს.
რუსის ბიჭუნა და პაატა სააკაძე
- დიდი სამამულო ომის დროს, რომელსაც 300 ათასი კაცით დაცოტავებული ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სამამულოდ არ აღითქვამდა, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ხალხის პატრიოტული გრძნობების გასაღვივებლად ეკრანზე გაეცოცხლებინა ქართველ გმირთა დავიწყებული სახეები.
“გიორგი სააკაძის” გადაღებისას, ერთ-ერთ სცენაში, სხვა რეკვიზიტთან ერთად, პატარა ბავშვი დასჭირვებიათ, თოთო პაატა რომ განესახიერებინა. სასწრაფოდ უფრენიათ კაცი ბაგა-ბაღში, ყველაზე ახლოს რომ იყო კინოსტუდიასთან. საბავშვო დაწესებულების გამგეს, როგორც ირკვევა, მაღალი ეროვნული თვითშეგნებით აღსავსე ქალბატონს, კატეგორიულად განუცხადებია: ქართველ ბავშვს ცოცხალი თავით არ გაგატანთ, გამიცივებთ ან ფილტვების ანთებას დამართებთ, ათჩვილიან ჯგუფში ერთი რუსი ბაღანე მყავს, და თუ გინდათ, იმას მოგცემთ, რუსები მაინც ბევრნი არიანო.
ასე მოხვდა იმ ხანად ჩემი ერთი წლის რუსი ეროვნების ნაცნობი გადასაღებ მოედანზე. მართალია არ გაუცივებიათ, მაგრამ მხოლოდ გვიან ღამით დაუბრუნებიათ უკან გულგახეთქილი მშობლებისათვის, რომლებსაც ერთი მხრივ, ესმოდათ, რომ ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვს, მაგრამ, მეორე მხრივ ვერ გაეგოთ, რატომ უნდა გაეღო ეს მსხვერპლი მაინცდამაინც მათ ოჯახს.
სანამ მამულიშვილად ჩამოყალიბდებოდა, ამ ჩემს ახლობელს რამდენიმე ათასჯერ ჰქონდა მოსმენილი თავისი დეციმაციის ისტორია – როგორ გამოარჩიეს პატარაობისას ათ ბავშვში ეროვნული ნიშნის მიხედვით და როგორ გაწირეს ფილტვების ანთებისათვის. თბილისში დაბადებულმა და გაზრდილმა ამ პიროვნებამ, სკოლის დამთავრების შემდეგ დაჰკრა ფეხი რუსეთში და აქეთ მოხედვაც აღარ უნდა, მხოლოდ გასვენებაზე თუ ჩამოვა ხოლმე.
მისი ბაგა-ბაღიდან მოტაცებისა და ძალით გამსახიობების ამბავი პირველად რომ მოვისმინე, ისეთი სიცილი ამივარდა, ძლივს მომაბრუნეს. მაგრამ მერე, ანალოგიურ სიტუაციაში საკუთარი თავი რომ წარმოვიდგინე, შემრცხვა: მე რომ პატარა ვყოფილიყავი და დედაჩემის და მამაჩემის დაუკითხავად ასე გუდურასავით გავექანებინე ვინმეს, ვთქვათ, სკანდერბეგის შვილის ეპიზოდური როლის სათამაშოდ, ცალკე ალბანელები შემჯავრდებოდნენ და ცალკე – აკაკი ხორავა, გიორგი სააკაძის შემდეგ ალბანეთის ეროვნული გმირი, გეორგ კასტრიოიტ სკანდერბეგი რომ განასახიერა წინა საუკუნის 50-იანი წლების ქართულ-ალბანურ ფილმში.