პრობლემების ირგვლივ გაერთიანება არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, ჩვენ უარს ვამბობთ შურისძიებასა და დაპირისპირებაზე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტიკური პლატფორმა „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა.
მისი თქმით, გაერთიანების მთავარი მიზანია, ქვეყანაში არსებული პრობლემები მოგვარდეს. ვაშაძის განცხადებით, მზად არიან მოლაპარაკებები აწარმოონ სხვა პარტიებთანაც, თუკი მათთან ექნებათ საერთო პოლიტიკური შეხედულება ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ახალ გაერთიანებას აქვს ძალა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე მნიშვნელოვან შედეგს აჩვენებს. „ჩვენი გაერთიანებით ვქმნით ძალას, რომელიც რეალურად იბრძოლებს 8 ოქტომბერს არჩევნებზე. ეს არის ძალა, რომელსაც აქვს პრეტენზია მოვიდეს ხელისუფლებაში. ჩვენ გვაქვს ღირებულება და ფასეულობები, გვინდა საქართველო იყოს წარმატებული. ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ გაჭირვება, რომელიც აწუხებს მოსახლეობას, ერთხელ და სამუდამოდ დამარცხდეს. დღევანდელი გაერთიანებით ხაზი გავუსვით, რომ გაერთიანება ქვეყნის საერთო პრობლემებზე არის მნიშვნელოვანი. ჩვენ უარს ვამბობთ შურისძიებასა და დაპირისპირებაზე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.