გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს

გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს

გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება გოდერძი ჩოხელისთვის წარმოუდგენელი იყო, რადგან ყველამ კარგად იცის, რას ნიშნავდა გოდერძისთვის სამშობლო, თუმცა ეკონომიკური მდგომარეობის გამო ჩოხელების ოჯახმა გამოსავლის ძიება დაიწყო და, რასაც ნინო მელაშვილი აქამდე ვერ იფიქრებდა, ახლა მას წარმოუდგენლად აღარ ეჩვენება.

ნინო მელაშვილის თქმით, მისი ოჯახი პატივისცემასა და ყურადღებას უბრალო ხალხისგან უფრო გრძნობს. მიუხედავად იმისა, რომ გოდერძი ჩოხელის ვაჟებს საკმაოდ კარგი განათლება აქვთ მიღებული, მათი დასაქმება პრობლემატური გახდა. ნინო მელაშვილთან საუბარი გოდერძი ჩოხელის მშობლიურ სოფელ ჩოხში სკოლის შენობის დანგრევის თემით დავიწყეთ, სადაც ცნობილი მწერლის სახლ-მუზეუმი უნდა განთავსებულიყო.

უყურადღებოდ მიტოვებულმა შენობამ ზამთარში დიდთოვლობას ვერ გაუძლო და ჩაინგრა. მართალია, შენობაში სკოლა ექვსი წელია, აღარ ფუნქციონირებდა (იქაურ ოთხ სოფელში მხოლოდ ერთი მეათეკლასელი ბავშვი შემორჩა, დანარჩენებმა ჩოხი მიატოვეს), მაგრამ ერთეულებად შემორჩენილ ადგილობრივებს იმედი ჰქონდათ, რომ სკოლის ტერიტორიაზე გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმი აშენდებოდა და ხელისუფლება ამაში მაინც დაუდგებოდათ მხარში. თუმცა, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ვლადიმერ ბადაგაძის განმარტებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტში გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმის გასაკეთებლად თანხა ამ ეტაპზე გათვალისწინებული არ არის.

ნინო მელაშვილი-ჩოხელი: სკოლის შენობის ჩამონგრევის შესახებ მეც ტელევიზიით შევიტყვე. ახლა იქ თითქმის აღარავინ ცხოვრობს, დიდი ხანია, ხეობა დაცლილია. უშუალოდ ჩოხშიც არავინ შემორჩა, მგონი, მხოლოდ ერთი მოსახლე დარჩა. დუშეთის გამგეობის ინიციატივით, ჩვენთვის უნდა გადმოეცათ სკოლის ტერიტორია, თავისი შენობით. უკვე რამდენი წელია, ეს შენობა მწყობრიდანაა გამოსული, აღარ ფუნქციონირებს სკოლა, ბავშვები აღარ არიან, მოსახლეობა არ არის და, ცხადია, დაინგრეოდა სკოლა. მუზეუმი მანდ ვერ განთავსდებოდა, რადგან შენობა ისედაც დანგრევის პირას იყო და კედელი გადაწოლილი იყო.

მაინცდამაინც ამორტიზებული შენობა რატომ უნდა გადმოეცათ? სხვა შენობა ვერ დაგითმეს?

- სხვა სახლებს პატრონები ჰყავთ. გოდერძის მანდ არ ჰქონდა სახლი, ზემო ჩოხიდან იყო და მოგვიანებით ქვემო ჩოხში, ბიძის სახლში ცხოვრობდა, დედასთან ერთად. ჩვენ სახლი აღარ გვაქვს ჩოხში. ზემო ჩოხში საერთოდ აღარ არის სახლები. დიდი ხანია, იქიდან ქვემოთ იყვნენ ჩამოსულები, რადგან მთაზე ვეღარ ცხოვრობდნენ. გოდერძის ბავშვობაში, უკვე 60-იან წლებში ჩამოვიდნენ ქვემო ჩოხში. ბიძამისის სახლს პატრონი ჰყავს და ახლა სხვის სახლში ხომ ვერ შევალთ?! ჩვენ იქ მისასვლელი და დასარჩენიც აღარ გვაქვს. ასე რომ, განათლების სამინისტროს ბალანსზე არსებული სკოლა გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს, მერე მათ გადასცეს გამგეობას და გამგეობას ჩვენთვის უნდა ეჩუქებინა. ამას დრო სჭირდებოდა. კარგი იქნება, თუ ახლა დაგვეხმარება ჩვენი ხელისუფლება, ასევე, - დუშეთის გამგეობა და მცხეთა-მთიანეთის ადმინისტრაცია, რადგან ძველი სკოლის ტერიტორიაზე ახალი შენობა უნდა აშენებულიყო, სადაც გოდერძის სახლ-მუზეუმი განთავსდებოდა. იქ სხვა ადგილი არ არის. მოგეხსენებათ, იმ ტერიტორიაზე მთა და ხეობაა, მდინარე მოდის. ამდენად, ეს იყო ყველაზე კარგი ადგილი. სხვათაშორის, თვითონ კულტურის სამინისტრიდან წამოვიდა ეს ინიციატივა. ახლა გვპირდებიან, დაგეხმარებით და სახლ-მუზეუმს გაგიკეთებთო, მაგრამ არ ვიცი, მეც მოვისმინე, რომ ბიუჯეტში თანხა არ არის გათვალისწინებული. ალბათ, ბიუჯეტში ჯერ ვერც გაითვალისწინებდნენ, რადგან ჯერ შენობა უნდა დამტკიცებულიყო და გადმოგვცემოდა, მერე უნდა დანგრეულიყო.

რომელიმე ბიზნესმენისთვის რომ ეთხოვათ მწერლებს, ინტელიგენციის წარმომადგენლებს დახმარება

- სხვათაშორის, დუშეთის გამგებელი გახლდათ ზურაბ ოტიაშვილი, ახლა, მე მგონი, საბაჟოს უფროსია ყაზბეგში, ის გვიჭერდა მხარს, მისგან და კულტურის სამსახურიდან მოდიოდა ეს ინიციატივა. კარგი იქნება, თუ სახლ-მუზეუმს ახლა მაინც გააკეთებენ, საარჩევნო წელია და ჩაეთვლებათ.

ხალხი ჩოხში ასვლის სურვილს გამოთქვამს, 2 ოქტომბერს გოდერძის დაბადების დღეა, რამდენჯერმე ავედით. თუმცა, შარშან ეს ღონისძიება არ ჩატარებულა, კონფერენცია ტარდებოდა და ორივესთვის ვეღარ გამოიყო ფული. ძალიან ბევრს უნდა ასვლა - სტუდენტებს, ხელოვნების, საზოგადო მოღვაწეებს, მწერლებს, ბევრ ჩვენს ახლობელ ადამიანს, ვისაც გოდერძი უყვარდა. ამიტომ აქამდე ქვემო ჩოხში სკოლის შენობაში ვიკრიბებოდით. ეტყობა, აქედან წამოვიდა ეს იდეა, რომ ეს ტერიტორია ჩვენთვის გადმოეცათ. შეიძლება, იქ სცენაც გაკეთდეს, შემოიღობოს ის ადგილი, რომ საქონელი არ შევიდეს, თანამედროვე ტიპის მუზეუმი გაკეთდეს, სადაც შეიძლება ფირის გაშვება, გოდერძის ფილმების, ჩანაწერების, ხმის მოსმენა. იქ იქნება ფოტოები, თვალსაჩინოება, შენახული გვაქვს ავეჯი, რომელიც ჩოხში ჰქონდათ. მისი დანატოვარი ნივთებიც გვაქვს ფასანაურში, რაც ამ მუზეუმისთვის გამოდგება. სტუდენტები, პედაგოგები გვეკითხებიან, სად წავიდეთ, სად წავიყვანოთ ბავშვები, რომ გოდერძი ჩოხელს პატივი მივაგოთო? მაგრამ ვერაფერს ვეუბნები. დასახმარებლად არავისთვის მიგვიმართვს, მართალი გითხრათ, იმედი არ გვაქვს. ისევ სახელმწიფო თუ დაგვეხმარება, რადგან გოდერძი ცუდად რომ იყო, არცერთი ბიზნესმენი არ ამოგვიდგა მხარში, ეს კარგად ვიცი.

სახელმწიფოსგან ყურადღებას გრძნობთ? ჩვენს მოხელეებს შემორჩათ კი მწერლებისადმი პატივისცემა?

- უფრო ხალხისგან მოდის სიყვარული, მოსწავლეები მოდიან, საღამოებს აწყობენ. ქართული ლიტერატურის პედაგოგები კარგ საქმეს აკეთებენ, თავიანთი ინიციატივით, ასწავლიან გოდერძის ნაწარმოებებს. დუშეთის გამგეობისა და კულტურის სამინისტროსგანაც მოდის მხარდაჭერა. ისინი ატარებენ გოდერძის საღამოებს, ჩვენ მარტო ვერ ჩავალთ და ვერ მოვაწყობთ გოდერძის ხსოვნის დღეს ჩოხში. თუმცა, კიდევ სხვა პრობლემაცაა - ხეობა დაცლილია, გზა საერთოდ არ არის. წარმოიდგინეთ, 17 კილომეტრია ჩოხამდე, ესაა პატარა და ულამაზესი ხეობა, საიდანაც ალპური ზონა იწყება, გზას კი არაფრით დაადგა საშველი. ამის გამო დაიცალა ხეობა. არადა, ადრე მესაქონლეობა იყო ძალიან განვითარებული.

ჩოხში მოსახლეობის დაბრუნების პერსპექტივა არ არის?

- რამდენიმე წელია, გვეუბნებიან, რომ გზის გაკეთება შეტანილია პროექტში და გზა აღდგება, ნაწილს მაინც გააკეთებენ, მაგრამ არაფერი ჩანს. თუ გზა არ იქნა, იქ ასვლა შეუძლებელია. ძალიან ცოტა ხალხი ადის ზაფხულობით. წარმოიდგინეთ, ზოგიერთ ადგილობრივ მოსახლეს თბილისში ჩამოჰყავს ძროხები, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, და მერე ისევ აჰყავთ მთაში. წლეულს გოდერძის მამაც გარდაიცვალა, ჩოხში მარტო ის იყო ხოლმე, ახლა გოდერძის დედინაცვალი, შესანიშნავი ქალბატონი ნუნუ, აიყვანს საქონელს და ზემო ჩოხში, ალბათ, მარტო ის იქნება. რა თქმა უნდა, ჩოხისკენ ადის გზა, ამას წინათ, ჩვენი ვაჟი - ლუკაც იყო ასული, მაგრამ ცუდი გზაა, მსუბუქი მანქანით რთულია და მხოლოდ ჯიპი მიუდგება.

გოდერძი ჩოხელის შვილების -ლუკასა და ნიკას მიმართ ყურადღებას თუ იჩენს ხელისუფლება?

- მართალი გითხრათ, ყურადღებას არ იჩენენ. ძალიან ცუდად ვგრძნობთ თავს, მე არ ვიცი, რაღაც თუ არ შეიცვალა, საერთოდ არასდროს რომ არ გვიფიქრია, არც გოდერძის, არც მე, ახლა ვფიქრობ, იქნებ, მთელი ოჯახი წავიდეთ სადმე. სხვა გამოსავალი არ გვაქვს, არც ერთი არ ვმუშაობთ. ლუკას საკმაოდ კარგი განათლება აქვს მიღებული, ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში დიპლომატიის ფაკულტეტი დაასრულა, შემდეგ „ჯიპა“ დაასრულა, საერთაშორისო პოლიტიკის ანალიზის განხრით, მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში, მაგრამ შემცირებაში მოჰყვა. ნიკას ტურიზმის მენეჯმენტის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, მაგრამ ვერ ვპოულობთ ჩვენს ადგილს. ბიზნესს ვერ ვაწარმოებთ, ამას თანხა სჭირდება და ჩვენ არ გვაქვს ამის შესაძლებლობა.

გოდერძი ცუდად რომ იყო, და საავადმყოფოში იწვა, შევარდნაძის მთავრობამ რამდენჯერმე გადაგვიხადა თანხა, მაგრამ იმ დროსაც ვინმესთან მისვლა და თხოვნა არ მიცდია. იმდენად მაქვს გული გატეხილი, ასე მგონია, აზრი არ აქვს, ვიღაცას რამე ვთხოვო. უცხოეთში გამგზავრებაზე გვქონდა საუბარი ოჯახში, გვინდოდა, გამოსავალი გვეპოვა. მე მგონი, ძალიან ბევრი ინტელიგენტის ოჯახია ასეთ მდგომარეობაში. ხალხს უკვირს ხოლმე, გოდერძის წიგნები ხომ გამოდის და რატომ გვიჭირს, მაგრამ, როცა არ მუშაობ და სტაბილური შემოსავალი არ გაქვს, წელიწადში ორჯერ საკმაოდ პატარა ჰონორარის აღება არაფერს ნიშნავს.

ბიძინა ივანიშვილის ფონდის დახმარება ისევ ძალაშია?

- დიახ, არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილის დახმარება რომ არა, რა გვეშველებოდა. გაჭირვების წლებშიც კი არ გვიფიქრია საქართველოდან წასვლაზე. ახლა ამის შესახებ უკვე სერიოზულად ვსაუბრობთ.

იმის გასარკვევად, თუ რატომ ჭიანურდება გოდერძი ჩოხელის ოჯახისთვის სახლ-მუზეუმის ტერიტორიის გადაცემა, Presage.tv კულტურის სამინისტროს მუზეუმების დეპარტამენტის თანამშრომელს ბესო მაცაბერიძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, კულტურის სამინისტრო გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმის გაკეთებას არ აპირებს და, ალბათ, ეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პრეროგატოვაა.

დუშეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის კულტურის მთავარ სპეციალისტის მაია თურმანაულის თქმით, სოფელ ჩოხში ყოფილი სკოლის ტერიტორიას, სადაც თავად გოდერძი ჩოხელი სწავლობდა, მის ოჯახს დაახლოებით ერთ თვეში გადასცემენ. ამჯერად კი იურიდიული პროცედურების მოგვარებით არიან დაკავებულნი. რაც შეეხება თანხებს, რაც ამ ტერიტორიაზე გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმის ასაშენებლადაა საჭირო, მაია თურმანაული აცხადებს, რომ ეს უკვე მეორე ეტაპია და დუშეთის მუნიციპალიტეტს რისი საშუალებაც ექნება, სახლ-მუზეუმის ასაშენებლად იმ რაოდენობის თანხას გაიღებს.

„ჩვენთვის გოდერძი ჩოხელი ძალიან ძვირფასია, ის აქაური იყო და ყველაფერს გავაკეთებთ მისი სახელის უკვდავსაყოფად. დღესაც დუშეთში გოდერძი ჩოხელის სპექტაკლის ჩვენება ეწყობა, რომლის დადგმაც დუშეთის სახალხო თეატრმა განახორციელა. მოგვიანებით გოდერძი ჩოხელის საღამო მოეწყობა თბილისში და ამ სპექტაკლს თბილისელებსაც წარვუდგენთ. რაც შეეხება ყოფილ სკოლის შენობას, ის ავარიული იყო და ბოლო დროს საქონლის სადგომად იქცა. ამიტომ იმ ტერიტორიაზე ღონისძებების ჩატარება რომ დავიწყეთ, სტუმრების მოგვერიდა და შენობას „ტენტი“ შემოვაკარით,“- აღნიშნა მაია თირმანაულმა.