დიმიტრი შაშკინს 10 ათასი გარიცხული სტუდენტი ეცოტავება

დიმიტრი შაშკინს 10 ათასი გარიცხული სტუდენტი ეცოტავება

უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინს პარლამენტთან დაუთქვეს შეხვედრა. თუმცა, საკანონმდებლო ორგანოსთან „დაბარებული“ მინისტრი 13.00 საათზე არ გამოჩენილა. სამაგიეროდ, პარლამენტის წინ გამართულ სტუდენტთა საპროტესტო აქციაზე პარლამენტარი ჯონდი ბაღათურია ჩავიდა და ახალგაზრდებს აღუთქვა, რომ სამთავრობო საათზე მიწვეულ მინისტრ შაშკინს სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის თანხის დაფარვას პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მოსთხოვდა.

ჯონდი ბაღათურიას თქმით, განათლების სფეროში ორი მონოპოლისტი გამოიკვეთა - პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიასა და ყოფილი ეკონომიკის მინისტრის კახა ბენდუქიძის ხელმძღვანელობით. სწორედ მათმა კორუფციულმა ტარიფებმა გაზარდეს განათლების სისტემაში ფასები, რომლის გადახდაც სტუდენტებს არ შეუძლიათ. ამ კრიზისის აღმოსაფხვრელად, ბაღათურიას ინიციატივით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან უნდა დაიფაროს სწავლების საფასური. ამის შემდეგ კი მეორე ეტაპი - საქართველოს უმაღლესებში უფასო სექტორის აღდგენა დაიწყება.

ჯონდი ბაღათურიას გაანგარიშებით, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის თანხის დაფარვას 14 მილიონამდე ლარი დასჭირდება, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ „ტოტო კუტუნიოებისა და ღრმა მოხუცებულობაში გადასული ხალხის ჩამოყვანის ნაცვლად, ახალგაზრდა თაობის განათლებისკენ უნდა მიმართოს და სამთავრობო და საპრეზიდენტო ფონდის 100 მილიონი ლარიდან 80% ტაშ-ფანდურში არ უნდა გახარჯოს“.

Presage.tv-სთან საუბარში სტუდენტები ამ სამიოდე დღის წინ მინისტრ შაშკინთან შეხვედრის დეტალებს იხსენებენ და აცხადებენ, რომ დიმიტრი შაშკინმა სტატუსშეჩერებულ სტუდენტებზე პასუხისმგებლობა თავიდან აიცილა და კანონმდებლობას ამოეფარა, რომლის თანახმადაც, თურმე, კონკრეტული სასწავლებლის შიდა ადმინისტრაციულ განაწესში განათლების სამინისტრო ვერ ჩაერევა. ეს მაშინ, როცა სტუდენტების თქმით, მათთვის სწავლის გადასახადი - 2250 ლარი მიუწვდომელია.

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი, ივანე მეფარიშვილი სამი დღის წინანდელ მოვლენებს იხსენებს, როცა საშიმშილოდ დამსხდარ სტუდენტებს სამართალდამცავები თავს დაესხნენ.

შარშან საშიმშილოდ დამსხდარი სტუდენტები დაუდგენელმა პირებმა ქალაქგარეთ გაგიტაცეს. წელსაც პროტესტის ამ ფორმის გამოხატვისას პრობლემები შეგიქმნეს.

- დიახ, სამი დღის წინ ტექნიკურ უნივერსიტეტთან შიმშილობა გამოვაცხადეთ და განათლების მინისტრთან შეხვედრა მოვითხოვეთ. შიმშილობის დაწყებიდან ერთ საათში განათლების სამინისტროდან დაგვირეკეს და გვაცნობეს, რომ მინისტრს ჩვენთან შეხვედრა სურდა. ამავდროულად, შიმშილობის დროს მოგვაკითხა საპატრულო პოლიციამ და მოგვთხოვა, დაგვეტოვებინა ტერიტორია - სასწავლო პროცესს ხელს უშლითო. არადა, ადმინისტრაციული კორპუსის წინ ვისხედით, არანაირი სასწავლო პროცესი არ ტარდებოდა. ვკითხეთ, რაში გამოიხატებოდა ხელშეშლა, არანაირი პასუხი არ მიგვიღია. უბრალოდ, მოითხოვდნენ, დაუყოვნებლივ დაგვეტოვებინა ტერიტორია. იმის გამო, რომ განათლების მინისტრს ჩვენთან შეხვედრის მზაობა უკვე გამოთქმული ჰქონდა, ჩვენ დავემორჩილეთ პატრულის უკანონო მოთხოვნას და ტერიტორია დავტოვეთ. უკვე 18.00 საათზე განათლების მინისტრთან შესახვედრად წავედით და პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტული წინადადებები წარვუდგინეთ. მოვთხოვეთ, სახელმწიფოს გადაეხედა თავისი პოლიტიკისთვის და, პირველ რიგში, სწავლის გადასახადი შემცირებულიყო, რაც დღევანდელ რეალობასა და სოციალურ ყოფას არ პასუხობდა.

დიმიტრი შაშკინის რეაქცია როგორი იყო?

- კატეგორიული უარი მივიღეთ მისგან. გვითხრა, რომ სტუდენტების დაფინანსების საქმეში სახელმწიფო იმაზე მეტად ვეღარ ჩაერევა, რაც აქამდე არსებული სისტემაა. მათ გაგვაცნეს ის, რაც ისედაც ვიცოდით, თუ რა პოლიტიკას ატარდებდა სახელმწიფო განათლებასთან მიმართებით. ჩვენ ვუთხარით, რომ, რასაც თქვენ აკეთებთ, ზუსტად ამას ვაპროტესტებთ-თქო. საბოლოოდ, შევთავაზეთ, რომ სახელმწიფოს სტუდენტთა ხელშეწყობის ფონდი დაეარსებინა. ამით უნივერსიტეტისთვის თავის დანებება აღარ მოუწევდა სტუდენტს, რომელიც კარგად სწავლობდა, მაგრამ სწავლის საფასურს ვერ იხდიდა.

ამ ფონდის დახმარებით სტუდენტი სახელმწიფოსგან სესხს აიღებდა, რომელსაც სწავლის დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაფარავდა. ამით არც სახელმწიფო იქნებოდა წაგებული (თანხასაც დაიბრუნებდა) და არც - სტუდენტი. თუმცა, ამ მოთხოვნაზეც უარი მივიღეთ. მინისტრმა გვითხრა, უნივერსტეტის განაწესში არ ვერევიო. ასე რომ, სახელმწიფომ სტუდენტთა წინაშე პასუხისმგებლობა მოიხსნა.

შაშკინმა ისიც გვითხრა, ეს 10 ათასი სტუდენტი დიდი ციფრი არ არის და განგაშის საფუძველს ვერ გამოიწვევს, რადგან მთლიანად საქართველოში 105 ათასი სტუდენტიაო. ჩვენ მას კონკრეტული სტუდენტის მაგალითი მოვუყევით, რომელსაც მძიმე დაავადება შეხვდა. იგი კარგად სწავლობდა, მაგრამ მის ოჯახს მოუწია, თანხები მისი ჯანმრთელობისთვის მიემართა და სწავლის საფასური ვერ გადაიხადეს. ამის გამო სტუდენტის სტატუსი შეუჩერეს, კაბინეტიდან კაბინეტში დადიოდა და კარი მიუხურეს. დიმიტრი შაშკინმა ამასთან დაკავშირებითაც გვითხრა, სახელმწიფო ამ სტუდენტებს მეტს ვერაფერს გაუკეთებსო. საუბრიდან გამომდინარე, მივხვდით, რომ სახელმწიფო პოლიტიკის გადახედვას არ აპირებდნენ. ამიტომ უკმაყოფილონი წამოვედით. ამის მიუხედავად, აქციებს გავაგრძელებთ.

თუ განათლების სამინისტროში შეხვედრისას კონსენსუსს ვერ მიაღწიეთ, პარლამენტის წინ რაღად იბარებდით შაშკინს?

- მოგეხსენებათ, საპარლამენტო ფრაქციამ „ერთობა სამართლიანობისთვის“ მოახდინა საკანონმდებლო ინიცირება, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ერთჯერადად დაფინანსდნენ ეს სტუდენტები. ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ შეფასებით, პრეზიდენტის ფონდი გაუმჭვირვალეა, კაცი-შვილმა არ იცის, სად მიდის მილიონობით თანხა. მეტიც, ათას სისულელეში, ტაშ-ფანდურში ხარჯავენ თანხებს. ამ ინიციატივას მხარს ვუჭერთ და ამ პრობლემას ყველგან დავაყენებთ, სანამ უმაღლესებთან მიმართებით სახელმწიფო თავის პოლიტიკას არ გადახედავს. ამასთან, პარლამენტში დაგეგმილ სამთავრობო საათზე დასწრებასა და უმაღლეს სასწავლებლებში არსებული პრობლემების შესახებ საუბარს ვითხოვთ.