პაატა ბურჭულაძე - ვაშაძე-ჯაფარიძე-კაციტაძის ბლოკთან შეხების ძალიან ბევრი საერთო წერტილი გვაქვს

პაატა ბურჭულაძე - ვაშაძე-ჯაფარიძე-კაციტაძის ბლოკთან შეხების ძალიან ბევრი საერთო წერტილი გვაქვს

გაერთიანდება თუ არა პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ „ახალი მემარჯვენეების“, „ახალი საქართველოს“ და „გირჩის“ ბლოკთან, დღეს საღამოს გახდება ცნობილი. 
ამის შესახებ ჟურნალისტებს მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ აღნიშნული ბლოკის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

ბურჭულაძის თქმით, მისი პარტიისა და ბლოკის წევრებს შორის იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, გაგრძელდება შიდაპარტიული კონსულტაციები და საღამოს გახდება გადაწყვეტილება ცნობილი.
მისივე თქმით, საკუთარ პარტიასა და ბლოკ „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალ არჩევანთან“ შეხების ბევრი წერტილი აქვს.
„ჩვენ გვქონდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი აზრები და ახლა შიდაკონსულტაციები გაგრძელდება ჩვენს პარტიაში. შეხების ძალიან ბევრი წერტილი გვაქვს, ეს არის ყველაზე სასიამოვნო, მოვნახეთ ბევრი საერთო წერტილი, რითაც შეიძლება ჩვენს ქვეყანას ეშველოს“, - განაცხადა ბურჭულაძემ.