უკვე საბოლოოდ გადაწყვეტილია და 26 მაისს ქვეყნის მთავარსარდალთან ერთად ქუთაისლებიც ჩაიბარებენ აღლუმს. პარლამენტის ქუთაისში გადატანის გარდა, ეს უკვე მეორე ნიშანია, რითიც გამოხატება, რომ თბილისზე გულაცრუებული საქართველოს ხელისუფლება ქუთაისში აპირებს ნავთსაყუდელის ძიებას. თუმცა, საქართველოს ამ ძირძველ ქალაქში რამდენად მოიხიბლებიან ამ სანახაობით და რამდენად დაიჯერებენ ნაციონალების უძლეველობის მითს, ეს სხვა საკითხია. საზოგადოებაში უკვე გაჩნდა მოსაზრება, რომ შარშანდელი სისხლიანი 26 მაისის ქრონიკებიდან გამომდინარე, სააკაშვილმა წლეულს ნეიტრალურ ადგილას არჩია აღლუმის გამართვა, სადაც მას არავინ დააყვედრის, რომ ეს ის ნასისხლარი გამზირია, სადაც მისი თანამემამულეები უმოწყალოდ სცემეს და ჩახოცეს. თუმცა, ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილს უფრო ახლოს იცნობენ, აცხადებენ, რომ ჩვენს ხელისუფალს სინანულის განცდა არ აწუხებს და, აქედან გამომდინარე, ქუთაისიც პრაგმატული მიზნით შეარჩია. Presage.tv-სთან საუბარში თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სალომე მახარაძე აღნიშნავს, რომ აღლუმის ქუთაისში ჩატარება ხელისუფლების საერთო გადაწყვეტილებაა, რაც გამორიცხავს იმას, რომ ვინმე ამ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად მიიღებდა. სამხედრო ექსპერტი გიორგი მელითაური Presage.tv-სთან საუბარში აცხადებს, რომ მისთვის მოულოდნელი იყო ხელისუფლების გადაწყვეტილება აღლუმის ქუთაისში ჩატარებასთან დაკავშირებით. „სამწუხაროდ, არ მაქვს დამატებითი ინფორმაცია და არგუმენტაცია ხელისუფლების მხრიდან, თუ რატომ ატარებენ აღლუმს ქუთაისში. ალბათ, ეს დაკავშირებულია მაისისთვის ქუთაისში დაგეგმილ პარლამენტის გადატანასთან. აქედან გამომდინარე, ამ თემასთან მიბმულია სამხედრო აღლუმის ჩატარებაც. თბილისიდან გაქცევას ამას ვერ დავარქმევდი. ქუთაისში იქნება ხელისუფლება, თუ თბილისში, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს მაინც საქართველოა“. გიორგი მელითაური ვერ აკონკრეტებს, რომ ჩვენი ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილება მაინცდამაინც გასული წლის 26 მაისის ტრაგედიით იყოს განპირობებული. მისი აზრით, ქუთაისმა საქართველოს ხელისუფლებისთვის დიდი დატვირთვა შეიძინა. „პარლამენტის შენობა ქუთაისში იქნება და იქ სესიები ჩატარდება, ქუთაისი იქცევა საქართველოს მეორე დედაქალაქად. რამდენად გამართლებულია ეს, უკვე კამათის საგანია. რატომღაც არა მგონია, რომ ისეთი ნაბიჯი გადადგან, ქუთაისი საქართველოს დედაქალაქად გამოცხადონ, რადგან ისტორიულად თბილისი ყოველთვის იყო გაერთიანებული საქართველოს ცენტრი და ამ ცენტრად დარჩება კიდეც“. რაც შეეხება, მოუწევს თუ არა ქუთაისის გამგეობას ასფალტის ხელახლა დაგება, ამასთან დაკავშირებით გიორგი მელითაურს განსხვავებული პოზიცია აქვს. მისი ინფორმაციით, აღლუმზე გამოსაყვანი საბრძოლო ტექნიკა ახალია და „დიდგორის“ გარდა, ალბათ, წარმოდგენილი იქნება „ლაზიკაც“. „როგორც ჩემთვის ცნობილია, „ლაზიკას“ თანამედროვე სისტემა აქვს გამოყენებული და დამატებითი ფილებითაა აღჭურვილი. ანუ, ეს ფილები როგორც საბრძოლო დანიშნულების, მანევრირების მახასიათებლებით გამოირჩვა, ისე - მშვიდობიანი მიზნისთვის, აღლუმზე ჩასატარებლად გამოდგება. ამდენად, ასფალტის დაზიანება არანაირად არ მოხდება. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ინფრასტრუქტურის, კერძოდ, ასფალტის დაზიანებაზე, ცხადია, ასფალტი თბილისში დაზიანდება თუ ქუთაისში, ამას სახელმწიფოსთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“. „სახალხო კრების“ წევრი გია ბურჯანაძე ვერ ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მაინცდამაინც შარშანდელი მწარე გამოცდილების-26 მაისის გამო გაურბოდეს დედაქალაქს. „შარშან, 26 მაისს სისხლი დაიღვარა, მაგრამ ამის მიუხედავად, მეორე დღეს, ცენტრალური გამზირი სააკაშვილმა გააწმენდინა და საზეიმო განწყობით ხალხს ორდენები დაჰკიდა. ასე რომ, ასეთი ხალხისთვის 26 მაისის მსგავსი მძიმე მოგონებები მნიშვნელოვანი არაა. მათ ტრაგედიიდან მეორე დღესვე შეუძლიათ იქ კონცერტების გამართვა. ამიტომ ნამდვილად არ ვიცი, რატომ არჩია ქუთაისი თბილისს“, - აღნიშნა გია ბურჯანაძემ Presage.tv-სთან კომენტირებისას. ამასთან, გია ბურჯანაძე სრულ გაუგებრობად მიიჩნევს, რომ, ზოგადად, დამარცხებული ომის მხედართმთავარს აღლუმების ჩატარება იზიდავს. Presage.tv-მ დაკავშირება სცადა წარმოშობით ქუთაისელ ნინო ბურჯანაძესთან, თუმცა მისმა პრესმდივანმა, ბაკურ ბაკურაძემ აღნიშნა, რომ ნინო ბურჯანაძე ქუთაისში აღლუმის ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას მომავალ კვირას გააკეთებს. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, გია ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფალს სურს, თვალებში ნაცარი შეაყაროს ქუთაისლებს, ათამაშოს კუნთები და აჩვენოს ჩვენი სამხედრო ტექნიკის მიღწევები. „ეს არის ავაზაკური ბუნება ამ ხელისუფალის, რომ აკეთოს ის, რაც უნდა. ესაა ბოშური, მოხეტიალე ადამიანის სულისკვეთება. მას სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში აღლუმების ჩატარება, მუდმივი სიარული და იქიდან თავისი ოპონენტების შეურაცხყოფა უყვარს. მას სურს, რომ საერთოდ ჩაკლას პარლამენტარიზმი საქართველოში. არაფერი საწინააღმდეგო ქუთაისის არ მაქვს, დედითაც და მამითაც იმერელი ვარ და ადამიანად იქ ჩამოვყალიბდი. თუმცა, ჩვენ ვაშენებთ პარლამენტს, რომლის ფასი არ ვიცით, ესაა ჩვენი მონაპოვარი?! არ გვეუბნებიან, რამდენი იხარჯება პარლამენტის მშენებლობაში“. გია ცაგარეიშვილის აზრით, წლევანდელი აღლუმი ქუთაისური ანეგდოტების საფუძველი გახდება, ისევე, როგორც - პარლამენტის ქუთაისში გადატანა. „ქუთაისლები კაი მოსწრებულ ანეკდოტს მოიგონებენ. თუმცა, ეს სატირალია, აღლუმი საქართველოს მრავალი მილიონი ლარი დაუჯდება, რომელიც ჩვენი ჯიბეებიდან უნდა ამოიღოს სააკაშვილმა. არადა, ქუთაისში უამრავი გადაულახავი პრობლემაა. იმ ადგილიდან, სადაც აღლუმი ტარდება, ზუსტად 5 თუ 7 კილომეტრში არის დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი ნაგავსაყრელი, სადაც ჩაედინება მდინარე რიონი და, საიდანაც წყალტუბოსკენ მიდის სარწყავი სისტემები. ამ საირიგაციო სისტემიდან კი ქუთაისი უკან იღებს სასმელ წყალს. ქუთაისში ონკანში ნორმალური წყალი არ მოდის, ეს პრობლემა არ გადაუწყვეტია ნაციონალურ მოძრაობას და ახლა მიწყობს აღლუმს და თვალებს მიბნელებს ჯავშანტექნიკითა და სამხედრო აღჭურვილობით?!“ მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი თბილისს ვერ იტანს, რადგან აქ არჩევნები წააგო, ამიტომაც ქუთაისში ურჩევნია გადასვლა. მისი აზრით, აღმაშენებელმა თბილისი მტრებისგან გაათვისუფლა და დედაქალაქად გამოაცხადა, სააკაშვილმა კი აღმაშენებლის ძეგლი აიღო და გასასვლელში გასაქცევად დააყენა. „ალბათ, უხარია, როცა შარშანდელ 26 მაისის მოვლენებს იხსენებს. არადა, ნებისმიერი ნორმალური ადამიანი, რომელიც 26 მაისის უბედურებას გაიხსენებს, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება. 26 მაისმა 9 აპრილსაც გადააჭარბა. როდიონოვი ვინც იყო, ვიცით და აქ შენიანი რომ დაგარბევს, რა განწყობა დაგეუფლება?!“ სოსო ჯაჭვლიანის თქმით, ქუთაისი მისთვის ისევე ძვირფასია, როგორც - თბილისი, ბათუმი და ყველა ქალაქი. თუმცა, მსახიობი მიიჩნევს, რომ აღლუმის ჩატარებას თავისი წესი აქვს და სააღლუმო განწყობა სჭირდება. |