EurActiv - აშშ-მ თურქეთში მდებარე ინჯირლიკის ავიაბაზიდან ბირთვული იარაღის გატანა დაიწყო

EurActiv - აშშ-მ თურქეთში მდებარე ინჯირლიკის ავიაბაზიდან ბირთვული იარაღის გატანა დაიწყო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთში მდებარე ინჯირლიკის ავიაბაზიდან ბირთვული იარაღის რუმინეთში გადატანის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ გამოცემა EurActiv-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ვაშინტონმა აღნიშნული გადაწყვეტილება ანკარასთან გაუარესებული ურთიერთობის გამო მიიღო.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, საუბარია ბირთვული იარაღის 20 ერთეულზე, რომელიც აქამდე, ინჯირლიკზე იყო განლაგებული.
კიდევ ერთი წყარო აცხადებს, რომ აშშ-თურქეთის ურთიერთობები სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ იმდენად გაუარესდა, რომ ვაშინგტონი ბირთვული იარაღის უსაფრთხოების საკითხში ანკარას აღარ ენდობა.

EurActiv-ი წერს, რომ ბირთვული იარაღის გადატანა რუმინეთში მდებარე დევესელუს ავიაბაზაზე ხორციელდება, თუმცა რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.

რამდენიმე დღის წინ ამერიკული ანალიტიკური ცენტრი Stimson Center-ი წერდა, რომ არსებობს საფრთხე, რომ ინჯირლიკზე განლაგებულ ამერიკული ბირთვულ იარაღს ტერორისტები ან სხვა ძალები ჩაიგდებენ ხელში.