პაატა ბურჭულაძის „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ოფისში „გირჩის“, გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველოსა“ და „ახალი მემარჯვენეების“ წევრები იკრიბებიან.
აღნიშნული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები გაერთიანების შესაძლებლობის საკითხზე შეხვედრას გამართავენ.
საარჩევნო ბლოკი „ახალი არჩევანი“, რომელშიც „გირჩი“, „ახალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“ არიან გაერთიანებული, პაატა ბურჭულაძის პარტიას ბლოკში გაერთიანებას სთავაზობს.
„გირჩის“, „ახალი საქართველოსა“ და „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერებმა ამ შეთავაზების შესახებ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადეს.
„ჩვენ ვხედავთ პაატა ბურჭულაძისადმი მაღალ ნდობას საზოგადოებაში, მის რეპუტაციას ქვეყნის შიგნით და ფარგლებს გარეთ და მისი საქმიანობის დადებით შედეგებს მთლიანად საქართველოში. მიგვაჩნია, რომ მას აქვს ყველა რესურსი, გააერთიანოს პროდასავლური პოლიტიკური ძალები და მართლაც ერთიანი მძლავრი პროდასავლური ცენტრი ჩამოყალიბდეს, რომელიც ქვეყანას იმ ღრმა კრიზისიდან გამოიყვანს, რომელ კრიზისშიც დღეს იმყოფება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საარჩევნო ბლოკის „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი“ და ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ თავმჯდომარემ ზურაბ ჯაფარიძემ კი განაცხადა, რომ დღეს არის ის რეალობა, როდესაც პროდასავლურმა პოლიტიკურმა ძალებმა ერთმანეთში განსხვავებები აღარ უნდა ეძებონ, არამედ უნდა ეძებონ გადაკვეთის წერტილები. მისივე თქმით, პაატა ბუჭულაძის პარტიასთან მათ აქვთ გადაკვეთის წერტილები იქ, სადაც ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. პირველ რიგში ეს არის უწყვეტი სვლა ნატოსკენ და ევროკავშირისკენ. მეორე, ეს არის ამ ქვეყანაში სიღარიბის სწრაფად დაძლევა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება.