ნინო ბურჯანაძე ერთდღიანი ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა

ნინო ბურჯანაძე ერთდღიანი ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რაოდენ მნიშვნელოვანია რუსეთის უმაღლეს პირებთან პირდაპირი დიალოგი, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მოსკოვში ერთდღიანი ვიზიტის შეფასებისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა. 

„მე ვიყავი მოსკოვში და შევხვდი ბატონ ნარიჟკინს, რომელიც გახლავთ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე და რომელიც იქნება რუსეთის მომავალი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე. ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ჩვენ შორის შედგა ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული საუბარი. ამ შეხვედრით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია რუსეთის უმაღლეს პირებთან პირდაპირი, უშუალო დიალოგის წარმოება. გარწმუნებთ, რომ არჩევნების შემდგომ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ უმაღლეს დონეზე დიალოგი გაიმართოს. მე შევხვდები რუსეთის ხელისუფლების მმართველ პირებს და ეს ჩვენ დაგვეხმარება, რომ რუსულ - ქართული ურთიერთობები გადავიყვანოთ ახალ ჭრილში და დავიწყოთ იმ პრობლემების დარეგულირება, რომელიც ჩვენი ქვეყნისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა არჩევნებამდე მისი შეხვედრა რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარიმართება მოვლენები. 

„თუ აუცილებელი გახდა არჩევნებამდე კიდევ შეხვედრის გამართვა, მე არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი შეხვედრა შედგეს, თუმცა თვითმიზანი არც ერთი ვიზიტი და არც ერთი შეხვედრა არ არის“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე მოსკოვში ვიზიტის შესახებ უფრო ვრცლად პარტიის სათაო ოფისში დღეს, 14:00 საათზე დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრებს.