„პარტიზანი მებაღეების“ აქციამ თბილისის მერიიდან ყაზბეგის #24-თან გადაინაცვლა

„პარტიზანი მებაღეების“ აქციამ თბილისის მერიიდან ყაზბეგის #24-თან გადაინაცვლა

„პარტიზანი მებაღეების“ წარმომადგენლების აქციამ თბილისის მერიიდან ყაზბეგის #24-თან გადაინაცვლა. აქციაში ადგილობრივი მოსახლეობაც მონაწილეობს. 
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ამ წუთებში ტერიტორიაზე ხეების მოჭრა გრძელდება და ისინი არ დაიშლებიან, სანამ მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების გაჩეხვა არ შეწყდება. 
აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. დამკვეთი კომპანია არის შპს ”ორბი ჯგუფი თბილისი”. აქციის მონაწილეთა ნაწილი თბილისის მერიას ადანაშაულებს არასწორ გადაწყვეტილებაში და აცხადებს, რომ სწორედ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან გაიცა ნებართვა ხე-ტყის გაჩეხვასთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეები მოითხოვენ თანამდებობა დატოვოს თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსმა და მისმა მოადგილემ. აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნატა ფერაძე უკვე რამდენიმე საათია შიმშილობს და როგორც მან ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, შიმშილობა გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. 
აქციაზე ასევე იმყოფება თბილისის საკრებულოს საბურთალოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი. იგი აპირებს ხვალ, აღნიშნული საკითხის გამოძიების მოთხოვნით საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართოს.