ხობელი მილიციონრები (ნიკანდრო ქილია, რაჟა სარჩიმელია) „ოცნების ქალებს“ დაერივნენ (VIDEO)

ხობელი მილიციონრები (ნიკანდრო ქილია, რაჟა სარჩიმელია) „ოცნების ქალებს“ დაერივნენ (VIDEO)

ხობის პოლიციის მიერ ოპოზიციის აქტივისტების მიმართ ზეწოლის მოხდენის განსაკუთრებული მეთოდების შესახებ საყოველთაოდ ცნობილია. თუ ადრე პოლიციელები ოპოზიციონერი მამაკაცებისათვის მინერალურ წყალში „ოპიუმის“ ჩაყრით ირჯებოდნენ, ახლა პოლიტიკურად აქტიურ ქალებს დაერივნენ და მათ „ხელში ჩასაგდებად“ 100-დოლარიანი კუპიურები გაიმეტეს. 

სწორედ ამ უცხოური ვალუტის თითქოს მოპარვა გახდა საბაბი იმისათვის, რომ ჭალადიდელი შორენა გელენიძე და თეონა კუჭავა ხობის პოლიციაში ეჭვმიტანილის სტატუსით მიეყვანათ. გელენიძის შემთხვევაში სამართალდამცავებმა ეს ვერ მოახერხეს, მაგრამ თეონა კუჭავა დაკითხვაზე თავად ხობის პოლიციის უფროსის, ლექსო რაფავას ავტომანქანით მოხვდა.

„ქურდობაში ეჭვმიტანილი“ შორენა გელენიძე პოლიციის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს და აცხადებს, რომ პოლიციის უფროსისა და მისი მოადგილის, ირაკლი ჯობავას მთავარი მოთხოვნა „ქართული ოცნებიდან“ მისი ნებაყოფლობითი ჩამოშორება იყო. 

გელენიძე პრესაგე.ტვ-სთან საუბრისას, 25 აპრილს, ჭალადიდში მომხდარ ინციდენტს იხსენებს და ამბობს, რომ პოლიციამ ქალების დასაშინებლად ყველაზე ბინძური მეთოდი გამოიყენა და ახალგაზრდა ქალები ქურდობაში ეჭვმიტანილად გამოაცხადა.
„დარწმუნებული ვართ, რომ პოლიცია საბავშვო ბაღის იმ აღმზრდელთან შეთანხმებით მოქმედებდა, რომელმაც თითქოს ხელჩანთიდან ფული დაკარგა. იმ დილით საბავშვო ბაღში ძმისშვილი მივიყვანე, თეონა კუჭავამ კი - შვილი. დღის სამი საათისათვის აღმზრდელი, ეკა ბოლქვაძე გვირეკავს და საბავშვი ბაღში მისვლას გვთხოვს. ჩვენც მივდივართ და იქ პოლიციის უფროსი, მისი მოადგილე და ექვსი პოლიციელი გვხვდება. ლექსო რაფავა სამზარეულოში გასვლას იმ მიზეზით მთხოვს, რომ ბავშვების ხმაურმა „არ შეაწუხოს“. პირდაპირ მითხრა, რომ „ქართულ ოცნებაში“ ჩემი და ჩემი დის აქტიურობის შესახებ ყველაფერი იციან. ისიც იციან, რამდენი ვიზიტი გვქონდა კოალიციის ოფისში და რომ ეს ყველაფერი ვიდეოფირზეა აღბეჭდილი. დამემუქრა, თუ ასე გააგრძელებთ, შენს ძმასაც მივხედავთო. ამის შემდეგ გარეთ გავარდნა და „ქართული ოცნობის“ ხობის ოფისის ხელმძღვანელთან, მამუკა ქარდავასთან დარეკვა მოვახერხე. ამის დანახვაზე რაფავამ უკვე ბრძანება გასცა და თანამშრომლებს ჩემი შეჩერება უბრძანა. პოლიციელებმა ტელეფონი იძულებით გამათიშვინეს“ - აცხადებს გელენიძე.

ინციდენტის მონაწილე კიდევ ერთი ქალბატონი, გელენიძის ბებია, 90 წლის ჟუჟუნა ნადარეიშვილი გახდა. გასაჭირში ჩავარდნილი შვილიშვილს, როგორც თავად ამბობს, საშველად ყანიდან კალოშებით მიაშურა და პოლიციის უფროსის მოადგილისთვის ხელკეტის მოქნევასაც არ შეუშინდა. ეს კი მას შემდგ მოხდა, რაც პოლიციელებმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

„როცა მივედი, ჯობავამ მითხრა, რაზე მოეთრიეო აქო. მე ავუხსენი, რომ შორენა ჩემი შვილიშვილია და რაც დღეს აქ ხდება, თქვენი მოწყობილია და „ქართულ ოცნებაში“ მათი აქტიურობის გამო ხდება-თქო. ჯობავამ ისევ შეურაცხყოფით მიპასუხა – წადი, წადი აქედან, შენი წვირიანი ხელები გასწიე ბებერო, თორემ მე ვიცი რასაც გიზამო. შენ არ ხარ გაზრდილი და შენი გაზრდილი რა იქნებაო. ამის შემდეგ მან ნიკაპზე ხელი ამკრა. ჯოხის მოქნევა ვცადე, უნდა ჩამერტყა მისთვის, მაგრამ არ მიმიშვეს. ჯობავამ მერე მანქანიდანაც გადმომძახა, თქვენს შვილიშვილებს თუ არ მოაცილებთ იქაურობას, იცოდეთ, რომ თქვენი შვილთაშვილიც ბეწვზე კიდიაო“ - ამბობს ჟუჟუნა ნადარეიშვილი.

ამ ინციდენტის შემდეგ, პოლიცია, დარწმუნებული იმაში, რომ შორენა გელენიძესთან ვერაფერს გახდა, თეონა კუჭავას „დაკითხვას“ შეეცადა. თეონა დეტალების შესახებ საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა მიანიშნებს, რომ ძალოვანები მას ოჯახის წევრების დაპატიმრებით დაემუქრნენ. 

„პოლიციის უფროსმა დაკითხვაზე საკუთარი ავტომანქანით გადამიყვანა. იქ გავარკვიე, რომ თურმე მე და გელენიძე ქურდობაში ვიყავით ეჭვმიტანილი და ამის შესახებ პოლიციას თავად ბაღის აღმზრდელმა შეატყობინა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო საბაბი იმისათვის, რომ პოლიციას ჩვენი დაშინების შესაძლებლობა ჰქონოდა. ამ ვითომ დაკითხვის დროს პოლიციაში ზარი შევიდა, რომ აღმზრდელმა, ეკა ბოლქვაძემ დაკარგული ფული სხვა ჩანთაში აღმოაჩინა და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა“.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელი, მამუკა ქარდავა ჭალადიდში მომხდარ ფაქტს მორიგ ზეწოლად აფასებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებისა და ძალოვანების მხრიდან სოფელში განსაკუთრებული კონტროლის მცდელობა მოსახლეობის პოლიტიკურ აქტივობასა და 2500-მდე ამომრჩევლის დაშინებას უკავშირდება.

ჭალადიდის საბავშვო ბაღში კომენტარის მისაღებად მისული ჟურნალისტები ეკა ბოლქვაძემ უარით გაისტუმრა. მან მხოლოდ ის დაადასტურა, რომ ფულის კუპიურა ნამდვილად იპოვა. 

სოფლის ადმინისტრაციულ შენობასთან პრესაგე.ტვ-მ მუნიციპალიტეტის გამგებელი, გოგა ღურწკაიაც შენიშნა და ინტერვიუს ჩაწერას მასთანაც შეეცადა, თუმცა მან ავტომანქანა ადგილიდან დიდი სისწრაფით დაძრა და ჭალადიდიდან გაუჩინარდა. მომხდარის შესახებ კომენტარის მიღება პრესაგე.ტვ-მ პოლიციაშიც სცადა, თუმცა ინციდენტში მონაწილე მაღალჩინოსანი პოლიციელები ადგილზე ვერ აღმოაჩინა.