დიახ მეგობრებო, ჩემი საკონსტიტუციო ინიციატივა წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდება და არჩევნებზე მიმავალი ვეუბნებით ქართველ ხალხს, აგვირჩიოს, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი კონსტიტუციაში ჩავწეროთ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნებზე ამომრჩეველმა უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო ამ გადაწყვეტილებით აღჭურვილმა პოლიტიკურმა ძალებმა მომავალ პარლამენტში განახორციელონ ზომები კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად.
“კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ჩვენი საკონსტიტუციო ინიციატივა ეხება თემას, რომლის თაობაზეც ამ პარლამენტში შემავალმა პოლიტიკურმა ძალებმა, ერთი-ორი პარტიის გამოკლებით, ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას და ჩვენი პოლიტიკური განაცხადი გავაკეთეთ. ჩემი წინადადებაა ეს პოლიტიკური განაცხადი, რომელიც ჩვენ, ყველამ ერთად, საჭიროდ ჩავთვალეთ, კიდევ ერთხელ გაგვეკეთებინა ერთი თვის წინ. გაგვეკეთებინა იმიტომ, რომ დანარჩენი მსოფლიოსთვის მიგვეწვდინა ჩვენი ხმა და არსებული მაღალი კონსენსუსი ამის თაობაზე და ასევე საქართველოს მოსახლეობისთვის შეგვეხსენებინა, რომ დიახ, ეს პოლიტიკური პარტიები ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ვუჭერთ მხარს. ამ პერიოდში, როცა მომძლავრდა პრორუსული ძალები, მათ შორის ნინო ბურჯანაძე და მისი გუნდი, რომლებიც ღიად გვეუბნებიან, რომ საქართველოში არ შემოვუშვათ ჩვენი სტრატეგიული მხარდამჭერი ქვეყნების სამხედრო ძალები თუ სხვა ინფრასტრუქტურა და გზა გავუხსნათ და ეს ყველაფერი რუსეთს დავუთმოთ ექსკლუზიურად, ამის საპასუხოდ ჩვენ ყველა იმ ძალას, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, შევთავაზეთ გადავდგათ კიდევ ერთი ლოგიკური ნაბიჯი და საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში ჩავწეროთ, რომ ჩვენი ნებაა დავუმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში. ეს არის ჩვენი განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, ნატოს წევრობაზე, ეუთოს წევრობაზე, ევროსაბჭოს წევრობაზე და სხვა იმ სტრუქტურებში ინტეგრირებაზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნია ჩვენი ქვეყნის თვალსაწიერი მომავლისთვის“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ დავით უსუფაშვილმა.
ამასთან, უსუფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ინიციატივა არის პოლიტიკური ინიციატივა.
“მე უკვე აღარ მაოცებს - მაოგნებს კომენტარები იმის შესახებ, რომ საარჩევნო კამპანიაა და დავით უსუფაშვილი ამიტომ გამოვიდა აღნიშნული ინიციტიავით. კი მაგრამ, რომელი პარტია და პოლიტიკოსი არ არის დღეს საარჩევნო კამპანიაში და ვინ არ გამოდის პოლიტიკური ინიციატივებით?! ჩემს ინიციატივაზე კომენტარი არ არის საარჩევნო კამპანიური კომენტარი და ჩემი ინიციტივაა მხოლოდ საარჩევნო კამპანიური ინიციატივა?! მე ვაცხადებ, რომ დიახ, ეს არის საარჩევნო კამპანიური ინიციატივა. ამ ინიციატივით მინდა ყველამ ჩვენ, ქართველ ხალხს ვუთხრათ, თუ რა პოზიცია გვაქვს ამ კონკრეტულ საკითხში“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
უსუფაშვილი პოლიტიკურ ძალებს მიმართავს, მის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ინიციატივაზე საკუთარი პოზიცია მკაფიო გახადონ.
“თუკი “ნაციონალურ მოძრაობას“ “ნაციონალური მოძრაობის“ შექმნამდე და დაბადებამდე უნდოდა ამის გაკეთება, არ ვედავები ამაზე. მათ ბრძანეს, რომ ამას მომავალ პარლამენტში მხარს დაუჭერენ - კი ბატონო, გასაგებია, ახლა არ აწერენ ხელს და მომავალ პარლამენტში მხარს დაუჭერენ. “ეროვნულმა ფორუმმა“, “თავისუფალმა დემოკრატებმა“ განაცხადეს, რომ ახლავე მზად არიან ინიციატივას შემოუერთდნენ და მომავალ პარლამენტშიც ერთად ვიქნებითო - ასე, ყველა პარტიამ გასცეს თავისი მოკლე და მკაფიო პასუხი ამ თემას და ეს იქნება სასარგებლო და კარგი ამ არჩევნებისთვის“, - განაცხადა უსუფაშვილმა.