ვწუხვართ, რომ ჩვენი პარტიის რამდენიმე წევრს არ ეყო გამბედაობა და რწმენა, სუს-ის გავლენის ქვეშ არ მოქცეულიყო, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისთვის” წევრმა მერაბ მეტრეველმა განაცხადა, როდესაც პარტიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისთვის” არის ერთიანი გუნდი. ”ყველაფერი დაიწყო იმით, რომ სუს-ის ერთ-ერთი გაზეთის და ხელისუფლების მიერ ფორმირებული პიარ ჯგუფის მიერ მოხდა ბინძური შეტევა ჩვენი პარტიის წინააღმდეგ. მათი პირადი ძალისხმევით ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზაციას გადაეკეტა რამდენიმე ლეგალური საფინანსო არხი. თუმცა, ყველა არხის გადაკეტვა ვერ მოხერხდა, რადგან ვხედავთ, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც არ მოექცნენ ფინანსური და ფიზიკური წნეხის ქვეშ.
ჩვენ მივმართავთ სრულიად საქართველოს მასშტაბით ჩვენს მხარდამჭერებს და წევრებს - ვწუხვართ, რომ ჩვენი პარტიის რამდენიმე წევრს არ ეყო გამბედაობა და რწმენა, რომ სუს-ის გავლენის ქვეშ არ მოქცეულიყო.
ჩვენ ვართ ძლიერი გუნდი, გამბედავი ადამიანები და მიუხედავად სუს-ის ძალისხმევისა, ჩვენ მოვიგებთ არჩევნებს. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პასუხი გაეცემა ყველა უკანონო ქმედებას”, - განაცხადა მეტრეველმა.