ბიურომ ”უბლოკო სტატუსის” შესახებ საინიციატივო ჯგუფის მიმართვა რეგისტრაციისთვის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადასცა

ბიურომ ”უბლოკო სტატუსის” შესახებ საინიციატივო ჯგუფის მიმართვა რეგისტრაციისთვის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადასცა

პარლამენტის ბიურომ ”უბლოკო სტატუსის” შესახებ საინიციატივო ჯგუფის მიმართვა რეგისტრაციის მიზნით საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადასცა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ეს არის საკითხი, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს პარლამენტში საჭიროებს გარვეული პროცედურების გავლას.

”პარლამენტის ბიურო ამ საკითხს საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადასცემს და წესის მიხედვით, კომიტეტი მიიღებს სათანადო ზომებს საკითხის განხილვისთვის”, - განაცხადა უსუფაშვილმა. 

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანმა კი აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში, შესაძლოა ხვალ, კომიტეტის სხდომას ჩაატარებს და საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხზე იმსჯელებს. 

როგორც ბიუროზე ითქვა, კომიტეტის დასკვნა ბიუროზე დამტკიცებას აღარ საჭიროებს.

კომიტეტს მსჯელობისთვის შვიდი დღის ვადა აქვს, ხოლო დამტკიცებიდან ხელმოწერების შეგროვებისთვის საინიციატივო ჯგუფს 4 თვის ვადა მიეცემა. 

მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი საქართველოს ე.წ. უბლოკო სტატუსის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებასა და ამ მიზნით მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვებას გეგმავს.

აღნიშნული საინიციატივო ჯგუფი 10 წევრისგან შედგება, მათ შორის არიან: ნინო ბურჯანაძე, ბაკურ ბაკურაძე, გიორგი ახვლედიანი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, გრიგოლ ბარამიძე და სხვები. 

საინიციატივო ჯგუფს მზად აქვს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვით კონსტიტუციისათვის შემდეგი პუნქტის დამატებას ითხოვენ: "ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დაცვის, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, საქართველო არ გაწევრიანდება რომელიმე საერთაშორისო სამხედრო ბლოკში, ან ალიანსში. დაუშვებელია საქართველოს ტერიტორიაზე რომელიმე სამხედრო ბლოკის, ალიანსის, ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს სამხედრო შენაერთების განთავსება. უბლოკო სტატუსი მოქმედებს 1991 წლის მდგომარეობით აღიარებულ საქართველოს ტერიტორიულ საზღვრებში".