ლევან ბერძენიშვილი “ქართული ოცნების“ კანდიდატებზე - პრინციპი, ოღონდ პოლიტიკოსი არ იყოს და პარლამენტში შევიყვანოთ, ნამდვილად მსოფლიო რეკორდია

ლევან ბერძენიშვილი “ქართული ოცნების“ კანდიდატებზე - პრინციპი, ოღონდ პოლიტიკოსი არ იყოს და პარლამენტში შევიყვანოთ, ნამდვილად მსოფლიო რეკორდია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უნდა იცოდეს, რომ თბილისში მის მიერ დასახელებული მაჟორიტარობის კანდიდატები არის სასაცილო, - ამის შესახებ“რესპუბლიკელმა“ ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

ბერძენიშვილის შეფასებით, “ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდის პარკში “ცირკი მოაწყო“ და მაჟორიტარობის კანდიდატები იმ კრიტერიუმით შეარჩია, რომ “პარლამენტმა პოლიტიკა არ უნდა აკეთოს და რასაც ზემოდან ჩასძახებენ, ის უნდა ამოსძახოს, ჭურივით“. 

“პრობლემაა ის, რომ ლევან კობიაშვილი - დიდი ფეხბურთელი, არ სჭირდება პარლამენტს და რატომ აფუჭებენ ამ კაცს იმისთვის, რომ უბრალოდ ხელი ასწიოს და პულტზე ხელი დააჭიროს?! ეს უხერხულია ამ უზარმაზარ ადამიანებთან! მათი დამსახურების შემდეგ იმის თქმა, რომ მე თქვენგან მორჩილი პარლამენტი უნდა გავაკეთო, უხერხულია! თვითონ რას ფიქრობს არ ვიცი, მაგრამ მის ადგილას ვიტყოდი, რომ ეს არის უღირსი შემოთავაზება. ძალიან უხეშია ადამიანისადმი მიდგომა, რომ რაკი შენ სახელი და დიდება გაქვს, მოდი პარლამენტში ადგილი დაიკავე იმისთვის, რომ ვინმე იურისტი და საქმის მცოდნე არ შეიპაროს. საქართველოს პარლამენტის ნაკრები ფეხბურთში იყო სუსტი - ჩვენ მხოლოდ ერთი პროფესიონალი ფეხბურთელი გვყავდა და გვყავდა პარლამენტარი მიშა ოპოზიციიდან, რომელიც ფეხბურთს კარგად თამაშობს. ახლა სამი დიდი ფეხბურთელი გვეყოლება. სამაგიეროდ, ძიუდოში გამოვიწვევდით ვისაც გინდათ, მაგრამ საქართველოს პარლამენტში კანონებია მისაღები - ფეხბურთი არ არის სათამაშო! ფეხბურთის თამაში არ არის აკრძალული - ერთი სპორტსმენი, ერთი მომღერალი ყველა პარლამენტში შეიძლება იყოს, მაგრამ 100 სპორტსმენი და პრინციპი, ოღონდ კი პოლიტიკოსი არ იყოს და სიაში შევიყვანოთ, ეს ნამდვილად მსოფლიო რეკორდია, არავის ეს არ უქნია“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან ბერძენიშვილმა.