გონიოში დაკარგული ჯარისკაცების სამძებრო ღონისძიებებში თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახური ჩაერთო

გონიოში დაკარგული ჯარისკაცების სამძებრო ღონისძიებებში თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახური ჩაერთო

გონიოში, ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სამსახური  ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, ლევან იზორია ქართველი სამხედროების სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში დახმარების გასაწევად თურქულ მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რომლის დასრულების შემდეგადაც, საქმის ადგილზე გასაცნობად, მინისტრი დაუყოვნებლივ გაემგზავრა გონიოში. 
„სამაშველო ღონისძიებებში თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სამსახური უკვე ჩაერთო“, - განმარტავენ უწყებაში. 

ლევან იზორია ადგილზე პირადად გაეცნობა საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობასა და გამოძიების დეტალებს. დაგეგმილია თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის შეხვედრა სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილე პირად შემადგენლობასთან.

შავ ზღვაში სპეციალური ოპერაციების ძალების ორი ქართველი სამხედროს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები კვლავ გრძელდება. სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამაშველო ღონისძიებებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენიც მონაწილეობს, რომელიც შესაბამისი სამაშველო შესაძლებლობებითაა აღჭურვილი.
ადგილზე იმყოფება სამხედრო პოლიციისა და გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა. საქართველოს მთავრობის თხოვნის საფუძველზე, აშშ-ს მთავრობამ დაავალა აშშ-ს ევროპულ სარდლობას, რომ სპეციალური დანიშნულების ძალებმა მიიღონ ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურის გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობა.

გუშინ სპეციალური ოპერაციების ძალების ორმა სამხედრო მოსამსახურემ შავ ზღვაზე გეგმიური საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლების დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, ვერ შეძლო ზღვის ზედაპირზე ამოსვლა. მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე დაუდგენელია. სამხედროების გაუჩინარებისთანავე დაუყონებლივ დაიწყო სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები, რომელსაც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის და გამოძიების მთავარი სამმართველოები, ასევე სპეციალური დანიშნულების ადგილობრივი დანაყოფი, საქართველოს შსს-ს შესაბამის დანაყოფებთან ერთად, ახორციელებენ.

მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით, დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის II ნაწილით.

ლევან იზორიასთან ერთად გონიოში გენშტაბის ხელმძღვანელი ვახტანგ კაპანაძეც გაემგზავრა. ადგილზე ელოდებიან საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს.