მიხეილ მაჭავარიანი დავით უსუფაშვილის ინიციატივაზე - ეს არის ძალიან ცუდად გათვლილი პიარ ნაბიჯი

მიხეილ მაჭავარიანი დავით უსუფაშვილის ინიციატივაზე - ეს არის ძალიან ცუდად გათვლილი პიარ ნაბიჯი

ეს არის ძალიან ცუდად გათვლილი პიარ ნაბიჯი,- ასე აფასებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი მიხეილ მაჭავარიანი პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის კონსტიტუციით განსაზღვრის თაობაზე. 

მაჭავარიანი განმარტავს, რომ კორცხელის დარბევის გამოუძიებლობის გამო, "ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტოს რეჟიმში იმყოფება და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობს, შესაბამისად, არც ბიუროს სხდომას დაესწრება, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივებისთვის მსვლელობის მიცემის საკითხი განიხილება. 

"მართლა გაკვირვებას იწვევს საგარეო პოლიტიკური კურსის კონსტიტუციაში ჩაწერის საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება ისეთი ადამიანისგან, როგორიც დავით უსუფაშვილია. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ბატონი დავითი იყო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე. თუ მას ასეთი ინიციატივა ჰქონდა, ჯერ ერთი, შეეძლო მხარი დაეჭირა ამ ინიციატივისათვის, როდესაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" დავაყენეთ იგი ან მას დაეყენებინა ეს ინიციატივა დამოუკიდებლად და ამას არ დასჭირვებოდა 4 წელი და კოალიციიდან გაბრძანება/ გაძევება თუ გაყრა", - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა. 

მაჭავარიანის თქმით, აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილების მიღება დროში შეუძლებელია. 

"ეს თუ საარჩევნო პიარია, გასაგებია, თორემ დროში წარმოუდგენელია ამ ცვლილებების განხორციელება მერვე მოწვევის პარლამენტის მიერ, ვინაიდან საჭიროა მინიმუმ ერთთვიანი საერთო-სახალხო განხილვა. მანაც იცის, რომ წარმოუდგენელია. ძალიან სამწუხაროა, რომ დათოსთან დაკავშირებით მიწევს ამის თქმა, მაგრამ ეს არის ძალიან ცუდად გათვლილი პიარ ნაბიჯი, იმიტომ რომ, თუ ამის გაკეთება უნდოდა უსუფაშვილს, 4 წელი ბურთიც, მოედანიც, მსაჯის სასტვენიც და წითელი და ყვითელი ბარათებიც მას ედო ჯიბეში. მით უმეტეს, შეგახსენებთ, რომ ჩვენ ეს ინიციატივა დავაყენეთ და მაშინ ვერც "რესპუბლიკელების" და ვერც კოალიციაში შემავალი სხვა პარტიების მხარდაჭერა ვერ მოვიპოვეთ", - განაცხადა მაჭავარიანმა.

რაც შეეხება საქართველოს უბლოკო სტატუსს, მაჭავარიანის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" მიაჩნია, რომ საქართველოს განვითარება არის ნატო-ში და ევროკავშირში, რა არჩევანიც გააკეთა ქვეყნის მოსახლეობამ 2008 წელს, ასევე, მიიჩნევს, რომ ყველა ადამიანი, რომელიც ნეიტრალური თუ უბლოკო სტატუსისკენ ისწრაფვის, ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება.