გიორგი მარგველაშვილი - არსებობს გამოთქმა: ცუდ ხელისუფლებას ქმნიან კარგი ადამიანები, რომლებიც არ მიდიან არჩევნებზე და რჩებიან სახლში

გიორგი მარგველაშვილი - არსებობს გამოთქმა: ცუდ ხელისუფლებას ქმნიან კარგი ადამიანები, რომლებიც არ მიდიან არჩევნებზე და რჩებიან სახლში

ასეთი გამოთქმაა, ცუდ ხელისუფლებას ქმიან კარგი ადამიანები, რომლებიც არ მიდიან არჩევნებზე, რჩებიან სახლში და ამის შედეგად იქმნება ცუდი ხელისუფლება, ცუდი დემოკრატიაც ასე იქმნება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "შენი ხმა ჩვენი მომავალია" კამპანიის ფარგლებში ქობულეთში, საზაფხულო სკოლის მონაწილეებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

პრეზიდენტის განმარტებით, მოქალაქის ვალდებულება მხოლოდ არჩევნებზე მისვლით არ მთავრდება. 

გიორგი მარგველაშვილის თქმით, "ჩვენ უნდა შევძლოთ და ავამუშაოთ დემოკრატიის მანქანა, რომელიც მუდმივი კონტაქტია ამომრჩევლისა არჩეულ პოლიტიკოსთან". 

მისივე თქმით, საზოგადოების გააქტიურება აამუშავებს დემოკრატიის სისტემას. 

"ვფიქრობ, ისიც უნდა ვუთხრათ მოქალაქეებს შეხვედრებზე, რომ არა მხოლოდ არჩევნებზე მისვლით ამოიწურება მოქალაქის ვალდებულება, არამედ არჩევნების შემდეგაც მუდმივი კონტაქტით შენს დეპუტატთან, იმ პარტიასთან, რომელსაც ხმა მიეცი, იმ დავალდებულებებით, რომელსაც წერილის მიწერა ჰქვია, რომელსაც პოზიციის დაფიქსირება ჰქვია", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. 

პრეზიდენტმა საზაფხულო სკოლის მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა. 

კამპანიის „შენი ხმა ჩვენი მომავალია“ მიზანი არჩევნებში ახალგაზრდების ჩართულობისა და სამოქალაქო აქტივობის გაზრდაა. საზაფხულო სკოლა 7 დღის განმავლობაში ტრენინგებსა და სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს. ის საქართველოს 9 რეგიონში მიმდინარეობს.