გიორგი აბაშიშვილი -

გიორგი აბაშიშვილი - "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა შესაძლებელია ცესკოს დისკრედიტაცია გამოიწვიოს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარტია „ცენტრისტების“ რეგისტრაციის საკითხზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას მისი დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს.

აღნიშნულ საკითხზე მედიასთან კომენტარი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა და პარტიებს მოუწოდა, ვინაიდან "პრობლემა მოგვარებულია, საარჩევნო პროცესს დაუბრუნდნენ". 

„ცხადია იყო გარკვეული შეცდომები ცესკოს მხრიდან, რომელიც გამოსწორებულია, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, კვლავ დავკარგეთ ზომიერება, კერძოდ "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან გაკეთებული იქნა ისეთი ტიპის განცხადებები, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დისკრედიტაცია, რაც დაუშვებელია. პრობლემა არის მოგვარებული და შესაბამისად, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, დაუბრუნდნენ კვალიფიციურ საარჩევნო პროცესს“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

„ცენტრისტები“, რომელიც ცესკო-მ ივნისში საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარა, გუშინ თავად ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, რეგისტრაციიდან მოიხსნა. ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მიერ გამოცემული შესაბამისი განკარგულების საფუძველი საჯარო რეესტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია გახდა იმის თაობაზე, რომ „ცენტრისტების“ ხელმძღვანელ პირებს იურიდიულად უფლებამოსილება არ გააჩნიათ. აღნიშნული პარტიის საარჩევნო რეგისტრაციაში გატარების გამო ბოლო დღეების განმავლობაში ცესკოს, როგორც ცალკეული პარტიები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ.